თბილისის მერი კახა კალაძე ნამახვანჰესისი საწინააღმდეგო აქციას გამოეხმაურა და მისი თქმით ქვეყანაში, რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს.
“ჩემი პოზიცია არის ის, რომ რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს ქვეყანაში. მაქსიმალურად რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ ის რესურსები, რომელიც ქვეყანას აქვს, იმისთვის რომ მე, თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ ვიყოთ დამოკიდებული რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან შემოტანილ ელექტროენერგიაზე. რა თქვა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ცუდია, იმ თვალსაზრისით, რომ პირდაპირ აისახება ჩვენს ჯიბეებზე, რადგან გვიწევს მაღალი ტარიფების გადახდა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რესურსები იყოს სწორად გამოყენებული. როდესაც მე ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, ნამდვილად მეამაყება, ჩემი მინისტრობის პერიოდში ყველაზე მეტი ჰიდროელექტროსადგური აშენდა, რაც ძალიან მაგარია ქვეყნისთვის”,- განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ნამახვანჰესისი მოწინაღმდეგეებმა გუშინ თბილისში აქცია გამართეს და მთავრობას მოთხოვნები წაუყენეს. ისინი ითხოვენ, რომ შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა, გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი, გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში, თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში – აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.