დღეს, რესპუბლიკის მოედანზე ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებს მხარდაჭერა გამოუცხადა მოძრაობა ერის ხელმძღვანელმა ლევან ვასაძემ. როგორც მან საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით გამოსავალია, რომ შეიქმნას სპეციალურ კომისია ექსპერტებისა და რიონის ხეობის ჩართულობით.
“მოვედი, რომ მხარი დავუჭირო რიონის რეობის მოსახლეობის პროტესტს. მიმაჩნია, რომ პროექტი ამ სახით არ უნდა განხორიელდეს. პირველი პირობა, ნებისმიერი მსგავსი პროექტის განხორციელებისა, გახლავთ ადგილობრივი მოსახლეობის თანხმობა პროექტზე, თუ ადგილობრივ მოსახლეობას არ უნდა, პროექტი არ უნდა განხორციელდეს.
მსგავსი სტრატეგიული, ენერგეტიკული ობიექტების საკონტროლო პაკეტი უნდა ეკუთვნოდეს ჩვენს სახელმწიფოს. გამოვედი წინადადებით, რომ უნდა გაკეთდეს საზოგადოებრივი კომისია, რომელშიც შევა რიონის მოსახლეობა, უცხოური კომპანიების წარმომადგნელები და სპეციალისტები, რათა მოინახოს კონსტრუქციული გამოსავალი ამ მიმართულებით. ის პოზიცია, რომელიც ხელისუფლებას უჭირავს, აიგნორებს მოსახლეობის პროტესტს და არავითარ დიალოგზე არ მოდის, მაინც ცდილობს ააშენოს [ნამოხვაჰესი], ეს არ არის სწორი”, – თქვა ვასაძემ.
ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე მასშტაბური აქცია გამართეს.
აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის დრო ამოწურულია. მან რამდენიმე მოთხოვნა გააჟღერა და ხელისუფლებას მათ შესასრულებლად დრო 24 მაისის 12:00 საათამდე მისცა.