ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით პეტიციას 32 374 პირი აწერს ხელს

ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი 32 374-მა ადამიანმა მოაწერა. პეტიციის ინიციატორი ფილოსოფიის პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გიგი თევზაძეა.

manifest.ge-ზე გამოქვეყნებულ პეტიციაში ნათქვამია, რომ ღამის საათებში არსებული შეზღუდვა დახურულ საზოგადოებრივ სივრცეებში ადამიანთა მეტ კონცენტრაციას იწვევს, აღნიშნულს კი, ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმება ხელს შეუშლის.

“საქართველოს მთავრობას! ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოვითხოვთ გაუქმდეს ე.წ. კომენდანტის საათი.

ვირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით დაწესებული, დღეს მოქმედი კომენდანტის საათი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და არ ემსახურება იმ მიზნებს, რის გამოც არის შემოღებული. კომენდანტის რეჟიმი იწვევს ადამიანთა მეტ კონცენტრაციას დახურულ საზოგადოებრივ სივრცეებში (საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებსა და სხვა მსგავს არეებში) უშუალოდ კომენდანტის საათის დაწყების წინ, ვიდრე ეს იქნებოდა კომენდანტის რეჟიმის არარსებობის პირობებში.

საზოგადოებრივ სივრცეებში დისტანცირების მოთხოვნის მკაცრი დაცვა, რომელიც აუცილებელია ვირუსის გავრცელების პრევინციისათვის, კავშირში არ არის კომენდანტის საათთან. პირიქით, საკომენდანტო რეჟიმის პირობებში, განსაკუთრებით მისი ამოქმედების დროის მოახლოებისას, დისტანციის დაცვა შეუძლებელი ხდება.

გარდა ამისა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნებისმიერი ვირუსი, გავრცელების ყოველ ჯერზე, ხდება უფრო მეტად გავრცელებადი, რაც საყოველთაო ჩაკეტვებს არაეფექტიანს ხდის. ასევე, უცნობია მეცნიერულად დადასტურებული შემთხვევები, როდესაც ვირუსის სწრაფი გავრცელებისას ფატალობის ხარისხის პირდაპირპროპორციული ზრდა ფიქსირდება. მით უფრო, უკანასკნელი კვლევის მიხედვით, თბილისის მაცხოვრებლების 35%-ს უკვე აქვს გადატანილი ვირუსი, ხოლო მათგან 68%-მა არ იცოდა ამის შესახებ.

გარდა ამისა, კომენდანტის საათისა და საყოველთაო ჩაკეტვის მეშვეობით დროის მოგება ვაქცინაციის ან/და სხვა ღონისძიებების დროულად დასაგეგმად, ასევე არაეფექტიანი აღმოჩნდა, რადგან ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი არის უკიდურესად მცირე.

ამიტომ, მნიშვნელოვანია, გაუქმდეს კომენდანტის საათი, მაგრამ, გაძლიერდეს საგანმანათლებლო კამპანია, გაუმჯობესდეს რისკ-ჯუფების მეთვალყურეობის ღონისძიებები და დაჩქარდეს საყოველთაო ვაქცინაცია;

დასახელებული მიზეზების გათვალისწინებით, მოვითხოვთ კომენდანტის რეჟიმის გაუქმებას, რაც კი არ გააუარესებს არსებულ ვითარებას, არამედ ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ სივრცეებში ადამიანთა კონცენტრაციის შემცირებას და აღარ მოგვევლინება ვირუსის გავრცელების პირდაპირ ხელისშემწყობ ფაქტორად”, – ნათქვამია პეტიციაში.

ე.წ.კომენდანტის საათი 2020 წლის 9 ნოემბრიდან, უკვე ნახევარი წელია მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ 17 მაისს მიღბული გადაწყვეტილებით, ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათის ნაცვლად, 23:00-დან იწყება და 05:00 საათამდე მოქმედებს.

იტვირთბა....