USAID საქართველოს 67 მილიონ დოლარის ოდენობის გრანტს გამოუყოფს. “საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის” საქართველოსა და აშშ-ს შორის საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერა დღეს გაიმართება.
როგორც ხელმოწერის ცერემონიამდე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, გრანტი საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით შესაძლებლობების ფანჯარას გაუხსნის.
“საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი და ფინანსთა მინისტრი ხელს მოაწერენ ახალ საგრანტო შეთანხმებას, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ ამერიკელმა ხალხმა, ამერიკის საერთაშორისო სააგენტოს საშუალებით, 330 მლნ აშშ დოლარი გამოყოს საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის. ეს არის ჩვენი ერთობლივი ფასეულობების დამამტკიცებელი მხარდაჭერა. ის გააძლიერებს საქართველოს მედეგობასა და გამძლეობას გარედან მომდინარე საზიანო ეფექტებისგან; გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს; მოიტანს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას; შექმნის სამუშაო ადგილებს; ეს დახმარება ბევრი მიმართულებით შექმნის შესაძლებლობას”, – აღნიშნა დეგნანმა.
ელჩის თქმით, ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით, შეიქმნება ახალი პროგრამა, რომელიც რუსეთზე დამოკიდებულებას შეამცირებს.
“ახალი პროგრამა შეიქმნება ენერგეტიკის უსაფრთხოების მიმართულებით. საქართველო შეძლებს, ენერგორესურსების დივერსიფიკაციასა და რუსეთზე დამოკიდებულებას შეამცირებს… ეს დაფინანსება შესაძლებელს გახდის, რომ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ახალი პროგრამები დააფინანსოს საქრთველოში… მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, შეერთებული შტატების მთავრობა გააგრძელებს საქართველოს დახმარებას იმისთვის, რომ გაძლიერედეს დემოკრატიული ინსტიტუტები”, – განაცხადა კელი დეგნანმა.