ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯაღმაიძის თქმით, “არასახარბიელო ეთნიკურ ბალანსში” “ფაქიზი და მოსაფრთხილებელი ურთიერთობები” იგულისხმა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ მის მიერ დმანისთან დაკავშირებული განცხადება განმარტა. როგორც ჯაღმაიძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, გუშინ “არასახარბიელო ეთნიკური ბალანსის რეგიონში” “ფაქიზი და მოსაფრთხილებელი ურთიერთობები” იგულისხმა. მისივე თქმით, მითითების შემდეგ საკუთარი განცხადება დააზუსტა.

“როგორც კი ამის შესახებ მიმითითეს და გარკვეული ანალიზის მერე ჩავთვალე, რომ სჭირდებოდა დაზუსტება ამას, რომ ვინმესთვის გულის ტკივილი არ მიეყენებინა, რა თქმა უნდა, დავაზუსტე სწორედ იმიტომ, რომ პატივისცემა გამაჩნია ამ ადამიანებისადმი და არ მინდა არავის გული დავწყვიტო. დავაზუსტე და ვთქვი, რომ ეს გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ ფაქიზია იქ ეს ურთიერთობები და მოსაფრთხილებელია განსაკუთრებით, რომ ვინმემ არ ისარგებლოს და იოლად არ შეიტანონ უსიამოვნება”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

ცნობისათვის, 18 მაისს, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დმანისში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ჯაღმაიძე წერს, რომ მომხდარი იყო ყოფითი ინციდენტი, რომლის “ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაყვანის მცდელობა არასახარბიელო ეთნიკური ბალანსის მქონე რეგიონში ეთნიკურად ქართული მოსახლეობის დაკნინებას ემსახურებოდა”.

შეგახსენებთ, დმანისში ადგილობრივებს შორის დაპირისპირება 16 მაისს დაიწყო, 17 მაისს კი უფრო ფართო მასშტაბი მიიღო. ერთ-ერთ ქუჩაზე შეკრებილი მოსახლეობის ნაწილი თოხებით და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული, ერთმანეთს დაუშინეს ქვებიც. ადგილზე ვითარება მთელი დღის განმავლობაში პერიოდულად იძაბებოდა, იყო ფიზიკურ დაპირისპირებაც. 17 მაისის საღამოს, დმანისში, საკრებულოს შენობაში დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლების შეხვედრა შედგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და განაცხადეს, რომ შერიგდნენ.

ინციდენტი სურსათის ერთ-ერთ მაღაზიაში მომხდარის შემდეგ დაიწყო. გამყიდველი და მეპატრონე ყვებიან, რომ ინციდენტი პროდუქტის ვალად გატანის მოთხოვნას მოჰყვა. ​საიდა ისმაილოვას თქმით, მან რამდენიმე მოქალაქეს ლუდის ნისიად მიცემაზე უარი უთხრა, რადგან მათ წარსულში აღებული ვალიც არ ჰქონდათ დაბრუნებული. ნისიაზე უარის თქმის მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ. შეურაცხყოფისა და მუქარის გამო მაღაზიის მეპატრონის ოჯახის წევრი და ეს მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რასაც პოლიციის გამოძახება და ადგილზე ვითარების განმუხტვა მოჰყვა. მოგვიანებით კი მაღაზიასთან ინციდენტში მონაწილე პირები ადგილზე დიდ ჯგუფთან ერთად დაბრუნდნენ, რის შემდეგაც მათსა და მაღაზიასათან შეკრებილებს შორის ხელჩართული ჩხუბი დაიწყო.

იტვირთბა....