დმანისში ორი დღის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი ამ ეტაპზე მოგვარებულია. გუშინ, 17 მაისს სამსაათიანი შეხვედრისა და მოლაპარაკების შემდეგ დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. ადგილობრივების ცნობით, ეს არ არის ორი დღის წინ დაწყებული კონფლიქტი. სწორედ ამიტომ, გრძელვადიანი პერსპექტივისთვის უცნობია, ერთჯერადად ხელის ჩამორთმევა და მხარეების დაშოშმინება რამდენად შედეგიანი იქნება.
Metronome.ge დაუკავშირდა ბანიამინ კასიმოღლუს, პლატფორმა სალამის წარმომადგენელს, რომელიც საქართველოში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობის, იდენტობისა და ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობს.
“სახელმწიფოს არ უნდა ამაზე სახელის დარქმევა, მაგრამ სახელი უნდა ჰქონდეს ყველაფერს — დაიწყო ყოფით ნიადაგზე და გადაიზარდა ეთნიკურ დაპირისპირებაში. იქ აზერბაიჯანელი აზერბაიჯანელს, ან ქართველი ქართველს არ ურტყამდა. თუ დამნაშავეებს არ დასჯის სახელწმიფო, ეს გაგრძელდება გრძელვადიან პერსპექტივაში. არ აქვს მნიშვნელობა, ვინაა დამნაშავე”, – განაცხადა ბანიამინ კასიმოღლუმ.
მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან არასოწორია ის დამოკიდებულება, რომ აღნიშნული კონფლიქტი აზერბაიჯანს დაუკავშირა და იქ ჩასული ამ ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრობდა.
“გომელაურმა რომ თქვა, აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეო, რა შუაშია ზერბაიჯანი. კონფლიქტია ადგილობრივი და შენ ბმას აკეთებ ამ ჯგუფსა და მეზობელ ქვეყანას შორის. ასეთი დაკავშირება პირველი არ არის”, – აღნიშნა კასიმოღლუმ.
მისი თქმით, ეთნიკურ უმცირესობებსა და მათ პრობლემებს სათანადო ყურადღება არ ეთმობა და სახელმწიფო მათ მოაქალაქეებად არ აღიქვამს. როგორც კასიმოღლუმ აღნიშნა, დმანისში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს აქვთ განცდა, რომ იჩაგრებიან და სახელწმიფოსთვის პრიორიტეტი არ არიან. ამას კი მეურნეობისა და განათლების მაგალითზე განიხილავს.
“შესაძლოა, კონკრეტული კონფლიქტი წარმოიშვას პიროვნულ ნიადაგზე, მაგრამ წლების განმავლობაში დაგროვებული სახელმწიფოს მხრიდან მათი არდანახვა , იწვევს იმის განცდას, რომ დისკრიმინაციაა, სახელმწიფო მათ ყურადღებას არ აქცევს. მაგალითად, მიწის მორწყვას არხებიდან ჯერ ახერხებს ქართული სოფლები და მერე აზერბაიჯანული. ინფრასტრუქტურითაც რომ შევადაროთ, სკოლები, ბაღები, სხვადასხვა ვითარებაა აზერბაიჯანულ და ქართულ სოფლებში. როცა ბიუჯეტს განიხილავენ, გეგმაში სვამენ ქართველებით დასახლებულ სოფლებს უფრო მეტად. ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხა, დაიხარჯება მაგის მეხუთედი და არავინ იცის სოფელში, რა იყო გეგმაში და რა როგორ დაიხარჯა. შესაძლოა, თანხა გამოიყოს, მაგრამ არ აღწევს იქამდე. სკოლები არის ჯერ კიდევ შეშაზე, დანგრეული. განათლებს იღებენ აზრბაიჯანულ ენაზე. სახელმწიფო არ აქცევს ყურადღებას ამ სოფლებს არც წიგნებით არ განათლებით. არ იჩენს ყურადღებას, რომ ასწავლოს ქართული. ქართულს სწავლობენ დამატებით ენად და ისიც უხარისხოდ”, – განაცხადა ბანიამინ კასიმოღლუმ.
მან ასევე, აღნიშნა, რომ კონფლიქტის მიზეზი, რაც გაჟღერდა, რომ ეს “ნისიად” პროდუქტის არგაცემას უკავშირდება, ზედაპირულია. პრობლემა უფრო სიღრმისეულია და როგორც აზერბაიჯანელი თემის წარმომადგენლები ამბობენ, ნისიად პროდუქტის არგაცემას შეურაცხყოფა და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა სწორედ იმიტომ, რომ აზერბაიჯანელები არიან. კასიმოღლუ აღნიშნავს იმასაც, რომ ძნელია, ეს დაამტკიცო, მაგრამ ეთნიკური ნიშნით შევიწროება სხვადასხვა რაიონულ ცენტრებში ხშირად ხდება.
ბანიამინ კასიმოღლუს თქმით, ამ კონფლიქტის მოგვარების პირველი ნაბიჯი არის კონფლიქტში მონაწილე პირების გამოვლენა და დასჯა, რათა იყოს განცდა, რომ ნებისმიერი ტიპის დანაშაულებრივი ქმედება ნებისმიერი ადამიანის მიერ განხორციელებული დასჯადია. რაც შეეხება ეთნიკურ ნიადაგზე წარმოშობილ უთანხმოებებს, გრძელვადიან პერსპექტივაში, მისი თქმით, ამას სახელმწიფოს მხრიდან სიღრმისეული მუშაობა სჭირდება.
“სახელმიფომ სწორად უნდა გააანალიზოს მიზეზები, დამნაშავე უნდა დიასაჯოს. თემმა კი თავი უნდა იგრძნოს საქართველოს მოქალაქედ. ძნელია პროგნოზი, როგორ განვითარდება ახლა მოვლენები. შესაძლოა, ამ კონკრეტული კონფლიქტის მონაწილე მხარეებს აღარ ჰქონდეთ კონფლიქტი, მაგრამ იქნება სხვაგან”, – აღნიშნა კასიმოღლუმ.
შეგახსენებთ ქალაქ დმანისში 9 აპრილის ქუჩაზე, კონფლიქტი მხარეებს შორის16 მაისს დაიწყო. დაპირისპირება რამდენჯერმე გამწვავდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს ჯოხებითა და ბეისბოლის ბიტებით შეიარაღებული ახალგაზრდების ჯგუფი. სხეულის მძიმე დაზიანებები აქვს რამდენიმე მოქალაქეს, არიან სასტიკად ნაცემები, დაზიანებულია მაღაზია და ავტომობილი.
შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დმანისში მომხდარ კონფლიქტზე არავინაა დაკავებული. გამოძიება დაწყებულია და მხარეები გამოიკითხებიან.
აქვე, აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ ვინც დმანისში მომხდარ კონფლიქტს ეთნიკურ ნიადაგზე დაწყებულ დაპირისპირებად მონათლავს, ის ქვეყნის მტერია.