ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეკანოიძე: მალე უფრო მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით, ვიდრე [პარლამენტში] შესვლა/არშესვლაა

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ენმ-ს პარლამენტში შესვლა/არ შესვლასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც მეტრონომი უცვლელად გთავაზობთ:

“სამი დღეა ვაკვირდები ენმ-ის მომავალთან დაკავშირებულ დისკუსიას სოციალურ ქსელში. ჩემთვის ყველაზე წონადი არგუმენტი ბოიკოტის გაგრძელებაზე საარჩევნო კანონმდებლობის და არჩევნების პროცესის უნდობლობაა. სხვა თავდასხმებს გაყიდვის, ხელფასზე და თბილი სკამისკენ ლტოლვის შესახებ არ გამოვეხმაურები. ბევრი შეტევა გამომივლია და გაცილებით დიდ საფრთხედ მივიჩნევ ემოციურ მოწოდებებზე პარტიის გადაწყვეტილების აგებას, ვიდრე ჩემზე შეტევას და კონსპირაციის თეორიების განვითარებას. გულწრფელ ამომრჩეველს კი კრიტიკისთვის და რჩევისთვის მადლობას ვუხდი.

1. თუ ჩვენ საარჩევნო კანონმდებლობის შესაცვლელად არ გამოვიყენებთ ჩვენს რესურსს, მაშინ რატომ უნდა შევიდეს პარტია თვითმმართველობის არჩევნებზე და იბრძოლოს (მაგალითად) საკრებულოში ადგილებისთვის.

2. თუ პოლიტიკური პროცესის ბოიკოტს ვაგრძელებთ (რისი მომხრეც ვიყავი არსებულ რეალობამდე), მაშინ თვითმმართველობის არჩევნებისკენ სწრაფვა რატომ არის გამართლებული. ანუ ვაღიარებთ, რომ 43 % ყველას საზრუნავია და მათ შორის ყველაზე დიდი ოპო პარტიის;

3. როგორ წარმოგვიდგენია დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე?

4. თუ ყველანაირ პოლიტიკურ პროცესს ვემიჯნებით, რჩება ალტერნატიული გზა – მასშტაბური სამოქალაქო პროტესტი. აქ ნიკას დაკავების ღამე მახსენდება. გაზით, შტურმით, ხელკეტებით ჩვენი ოფისის დარბევის დროს, გარეთ ზღვა ხალხი არ მინახავს. სახელობითად ვიცნობდით ერთმანეთს ოფისში. დიდი მადლობა მათ.

ბოლოს, გუშინ 29 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია. პოლიტიკური კატეხიზმოს ქადაგების როლიდან მალე თუ არ გამოვალთ – უფრო მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით, ვიდრე შესვლა, დოკუმენტი ან არშესვლაა”, – თქვა ხატია დეკანოიძემ.

ნაციონალური მოძრაობაში პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ამ ეტაპზე გადაწყვეტილება პარტიაში არაა მიღებული.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1576 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 329 407 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

იტვირთბა....