საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია, კონფლიქტურ რეგიონებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს უსაფრთხოების პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდებს. როგორც მან იმედის ეთერში განაცხადა, ამ ეტაპზე ქვეყანაში სიმშვიდეა, თუმცა ეს არ ნიშნავს პრობლემის აღმოფხვრას, რადგან სარაკეტო თავდასხმები შესაძლოა ნებისმიერ დროს განახლდეს.
„ისრაელში მყოფი ჩვენი მოქალაქეების მიმართ ჩვენი მოწოდება უცვლელია. თავი შეიკავეთ ღია სივრცეში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრებისგან. აუცილებლად იყავით ახლოს ისეთ შენობასთან, რომელსაც აქვს თავშესაფარი. ბოლო ორი დღის განმავლობაში თუკი რაიმე ფატალური შემთხვევა მოხდა, ამის მიზეზი იყო ის, რომ ადამიანებმა გამონაკლისი დაუშვეს უსაფრთხოების წესებთან მიმართებით“, – აცხადებს ლაშა ჟვანია.
ისრაელსა და პალესტინას შორის დაძაბულობა ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამწვავდა და ორშაბათს, 10 მაისს, როცა ღაზას სექტორის ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, პიკს მიაღწია. შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება, გარდაცვლილია ათობით და დაშავებულია ასობით ადამიანი. როგორც ისრაელის მხარე იუწყება, გარდაცვლილთა შორის არიან ჰამასის სამხედრო დაზვერვის უსაფრთხოების დეპარტამენტის ლიდერი და მისი მოადგილე.
ცოტათი ადრე კი ისრაელის უზენაეს სასამართლოში იერუსალიმის აღმოსავლეთში, შეიხ ჯარაჰის რაიონიდან პალესტინელი ოჯახების გასახლების საკითხის მოსმენა იყო ჩანიშნული. მოსმენა გაუქმდა და 30 დღით გადაიდო. იერუსალიმში მცხოვრები პალესტინელები კი ქუჩაში გამოვიდნენ და ამ თემის გაპროტესტება დაიწყეს. შეტაკება მოხდა ალ-აქსას მეჩეთის გარშემო, რომელიც მუსლიმების წმინდა ადგილია და რომელიც, ამავდროულად, ებრაელების წმინდა ადგილადაც მიიჩნევა. ალ-აქსას მეჩეთის ადგილას იყო ებრაელების წმინდა ტაძარი და ისინი ამ ადგილს ტაძრის მთას უწოდებენ. პალესტინის მხარემ რაკეტებით თავდასხმის მიზეზად სწორედ წმინდა ტაძრის ებრაელებისგან დაცვა მოიყვანა.
გაიგე უფრო მეტი ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე, – როდის და რატომ დაიწყო ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი