ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გოლეთიანი: თითქოს, კაშხლის მშენებლობა გაჩერებულია, ტყუილია, ენკა ისევ ანგრევს ხეობას

“ჩვენ დავამატეთ კარვები ხეობაში, ახლა უკვე სამ ადგილზე ვართ. ამ წუთში ვიმყოფები გუმათში. მიუხედავად თბილისის აქციისა, ეს კარვები დარჩება, დაემატება კიდევ. თითოეული ჩვენგან ჩაბმული ვართ ამ უსისხლო ომში და ბრძოლის ხაზი გადის სწორედ აქ. ჩვენ არ გვაქვს ამ ფრონტის ხაზის მიტოვების უფლება და არც ფუფუნება, წავიდეთ და სხვაგან გადავიტანოთ ჩვენი პროტესტი, რადგან თუ ჩვენ აქ არ ვაკონტროლეთ სიტუაცია, ასე ანგარიშს არავინ გაგვიწევს, ბუნებრივია”, – ამის შესახებ რიონის ხეობის მცველმა, აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა ფეისბუქ ლაივის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების განცხადება, თითქოს ნამოხვანჰესის მშენებლობა ამჟამად შეჩერებულია, სიმართლეს არ შეესაბამება.

“ნურავის ეგონება, რომ კომპანია ენკა აქ თავისუფლად შეძლებს იმ სამუშაოების წარმოებას და განხორციელებას, რომელსაც ახლა აწარმოებს. ამ 200 დღის განმავლობაში, დიდი პერიოდი, პრაქტიკულად მთელი ზამთარი, გაჩერებული იყო კომპანია და ხეობის ნგრევაც არ მიმდინარეობდა. სამწუხაროა, რომ თავისივე მორატორიუმის პიროებებში, ანგრევენ ისევ ხეობას და გაყავთ გვირაბი, თან იძახიან, რომ ეს კაშხალთან კავშირში არ არის. არა და მარტივი კანონზომიერება, თუ ის გვირაბი არ გაიყვანეს, რომელიც გაყავთ და რიონი არ შეუშვეს ამ გვირაბში, ვერ დაიწყება კაშხლის ტანის ჩასხმის პროცესი. ის, რომ კაშხლის მშენებლობა მიმდინარეობდა და გაჩერებულია, რასაც სახელისუფლებო წრეების წარმომადგენლები ამბობდნენ, არის ტყუილი”, – თქვა გოლეთიანმა.

პროტესტი ნამოხვანჰესის წინააღმდეგ

ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ, სოფელ ნამოხვანში 168 დღე კარვები იყო გაშლილი. ნამახვანი ჰესის პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობს მდინარე რიონზე. მისი ღირებულება 800 მილიონ აშშ დოლარზე მეტია, თუმცა ქვეყანაში აქედან 527 მლნ იხარჯება და აშენებს კომპანია ენკა რინიუებლზ მისი წილების 90%-ზე მეტს თურქული კომპანია ენკა ფლობს, 10%-ს კი ნორვეგიული კომპანია.

პროტესტი

2021 წლის 3 აპრილს კომპანიაში ახალდანიშნული დირექტორი მერაბ ლომინაძე ხეობაში საპოლიციო ძალის ფონზე ჩავიდა და თქვა, რომ კომპანიას უნდა გაეგრძელებინა მოსამზადებელი სამუშაოები. სწორედ ამ განცხადების შემდგომ დაიწყეს გამოსლვლები კარვებში მყოფმა პროტესტანტებმა.

11 აპრილს პოლიციამ ნამოხვანში აქტივისტებს კარვები დაუშალა, მიზეზად კი უაფრთხოება მოიყვანა. იქ მყოფი პროტესტანტები ამბობდნენ, რომ პოლიციამ კარვებში ალკოჰოლი შეიტანა. აქტივისტები ამას პროტესტის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ და ალკოტესტის ჩატარებას ითხოვენ, რათა დადასტურდეს, რომ სასმელს თავად არ მოიხმარდნენ. სწორედ კარვების აღების შემდეგ პოლიციამ ნამახვანისკენ გზა ჩაკეტა

მეორე დღეს გუმათჰესთან, — რომელიც სოფელი ნამოხვანიდან დაახლოებით 18 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, – პროტესტანტებს აღმართული დახვდათ საპოლიციო ბლოკპოსტი, რასაც მოსახლეობა, ასევე, პროტესტით შეხვდა. 14 აპრილს პოლიციამ უკვე რკინის ბარიკადები აღმართა გუმათჰესთან.

აღსანიშნავია ისიც, რომ კარვების აშლის შემდეგ დილას, 12 აპრილს, — როდესაც აქციამ გუმათჰესთან გადაინაცვლა და ნამოხვანში დემონსტრანტები არ იყვნენ, — საბანაკე ადგილი კომპანიის ტრაქტორებმა გადახნეს.

საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, თუ მათ არ ექნებათ პროტესტის მშვიდობიანად გაგრძელების შესაძლებლობა სოფელ ნამახვანში, პროცესი დადაქალაქში გადაინაცვლებს.

ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა 14 აპრილს ქუთაისში მორიგი მასშტაბური დემონსტრაცია გამართეს, ღამე კი პროტესტის ნიშნად ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაათიეს.

მოლაპარაკება მთავრობასთან

ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეები და მთავრობის წარმომადგენლებს 16 აპრილს შეხვდნენ, შეხვედრა თითქმის ოთხს საათს გაგრძელდა. ეს შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით დაიგეგმა. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, აქტივისტებს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი და ორი გუბერნატორი — ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე ხვდებიან. დიალოგში, ასევე, მონაწილეობენ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები — სოზარ სუბარი, გივი ჭიჭინაძე, ზაზა ლომინაძე, ბეჟან წაქაძე, გოჩა ენუქიძე, დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი.

ნამოხვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა, ხელისუფლებას დიალოგის კონსტრუქციულ რეჟიმში გასაგრძელებლად, რამდენიმე მოთხოვნა წაუყენეს. მას შემდეგ კი, რაც ხელისუფლებისგან სათანადო პასუხი ვერ მიიღეს, საქართველოს მასშტაბით აქციები დაანონსეს. ვარლამ გოლეთიანის თქმით, ყველა დიდი ქალაქის გარდა, მასშტაბური აქცია თბილისში 23 მაისს გაიმართება.

 

იტვირთბა....