“ყველაზე საშინელ ფილმშიც კი არ მინახავს ის, რაც ახლა ისრაელში ხდება”, – ამბობს ისრაელში, ქალაქ ბათ-იამიში მცხოვრები ქართველი მაკა ხიჯაკაძე მეტრონომთან.
უკვე მესამე დღეა ისრაელში ვითარება საკმაოდ კრიტიკულია, არ წყდება განგაშის და სირენების ხმა. მას შემდეგ, რაც ჰამასმა ქალაქებს – თელ-ავივსა და ბერ-შევას ცეცხლი გაუხსნა, ისრაელის მხარემ საპასუხოდ ღაზას მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვა. შედეგად ორივე მხარეს, ისრაელსა და პალესტინაში, არიან დაღუპულები და მძიმე დაშავებულები. ამ დროისთვის კი ორ მხარეს შორის დაპირისპირება კვლავ გრძელდება.
მეტრონომი ისრაელში მცხოვრებ ქართველს დაუკავშირდა, რომელმაც ადგილზე არსებული მძიმე ვითარების შესახებ გვიამბო:
“პირველ რიგში, უფალს მადლობა, რომ ამ ღამეს გავუძელით, ეს იყო დიდი სტრესი, საშინელება, დილის 6 საათამდე სარდაფში, ბომბის დამცავ სპეციალურ ოთახებში ვიყავით. მთელი ღამე არ შეწყვეტილა დაბომბვა. ალბათ ყველა ნახავდით კადრებს, – ხალხი, ბავშვები დაბნეული და შეშინებულები არიან. ეს ყველაზე მძაფრ სიუჟეტიან კინოშიც კი არ მინახავს, რაც აქ ვნახე.
ხუთი წელია აქ ვარ. იყო რაღაც შემოტევები, თუმცა, ასეთი არ მახსოვს. დღეს დილიდან სიმშვიდეა, თუმცა, არის ისევ საშიშროება, უარესი ვითარება შეიქმნას.
მე ვარ ბათ-იამიში, თელ-ავივისთან ახლოს, თუმცა, თითქმის ყველა ქალაქი დაიბომბა. ესეც ჩაივლის, ისრაელი არის სახელმწიფო, რომელიც არ გაწირავს ერს და ყოველთვის ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს იღებს. მიყვარს ეს ქვეყანა და ვუსურვებ მშვიდობას ისრაელს და ამ წმინდა მიწას”, – თქვა მაკა ხიჯაკაძემ.
ისრაელში მცხოვრები ემიგრანტი საქართველოს მთავრობას მიმართავს: მისი თქმით, აუცილებელია საკუთარ ხალხსა და იმ ადამიანებზე ზრუნვა, რომელთაც საკუთარი სამშობლოდან შორს უწევთ ცხოვრება:
“მინდა ასევე მივმართო ჩვენს სახელმწიფოს: იქნებ დაფიქრდნენ, იყო ემიგრანტი, დევნილი საკუთარი ქვეყნიდან და ისიც ემიგრაციაში, ამხელა სტრესში იყო, საშინელებაა. არავინ იცის ისრალეში რამდენი რამის ფასად უჯდება ყოფნა ემიგრანტს, რომელსაც საბუთი არ აქვს. დააბრუნეთ ეს გაუბედურებული ხალხი თავის მიწაზე, შეუქმენით პირობები, რომ ოჯახებს ჩაეხუტონ. რამდენი ემიგრანტი უნდა ჩამოსვენდეს საქართველოში, თავის მიწა-წყალს მონატრებული. იცით, 5 წლის განმავლობაში რამდენი ემიგრანტის გადმოსვენებას შევესწარი?! – ვისურვებდი ოდესმე საქართველოს მთავრობა მენახოს ისეთი, როგორიც ისრაელს ყავს”, – აღნიშნა მაკამ.
მისი თქმით, ისრაელში ბევრი ქართველი ცხოვრობს და ერთმანეთს კონტაქტი ხშირად აქვს, რომ მოახლოებული საფრთხის შესახებ ერთმანეთს აუწყონ.
“ამბობენ, რომ 5 ადამიანია ისრაელში დაღუპული, თუმცა ეს არა ზუსტი ინფორმაცია, ჩემი ვარაუდით, მეტია. რაც შეეხება ქართველებს, აქ ძალიან ბევრი ქართველია. ყველას გვაქვს კონტაქტი ერთმანეთთან და ერთმანეთს ვაფრთხილებთ, სად რა ხდება. ამაში საელჩოც გვეხმარება და ყველა ინფორმაციას გვაწვდის. რაც შეეხება დაღუპულებს, საბედნიეროდ, ქართველები არ არიან. ვიცავთ მითითებებს და სირენის ჩართვის დროს, სპეციალურ ოთახებში ჩავდივართ, რომ დაცულად ვიყოთ”, – გვითხრა მაკა ხიჯაკაძემ.
ისრაელსა და ღაზას შორის, 2014 წლის ღაზას ომის შემდეგ, ეს არის ყველაზე მძიმე შეტაკება და შესაძლოა, სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდეს.