ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საოკუპაციო ღობე ავტომანქანამ გაანგრია და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა

საოკუპაციო ხაზთან ინციდენტი მოხდა, – სოფელ დიცის მცხოვრებლები კურიერს უყვებიან, რომ საოკუპაციო ღობე ავტომანქანამ გაანგრია, ე.წ. კარი მოგლიჯა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა. ამის შესახებ მეტრონომი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ცხელი ხაზი იყო ამოქმედებული, თუმცა აღნიშნული არ დასტურდება.

კურიერის ინფორმაციით, შემთხვევის შემდეგ მძღოლი ადგილობრივებსაც გამოელაპარაკა. პარალელურად კი საოკუპაციო ძალებში განგაში გამოცხადდა. დიცის მცხოვრებლების თქმით, ოკუპანტებს ჰქონდათ მცდელობა შეეჩერებინათ ეს მამაკაცი, თუმცა, ის მათ მოთხოვნას არ დაემორჩილა და გადმოვიდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. რის შემდეგაც ოკუპანტებმა დევნის ოპერაცია შეწყვიტეს.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, ეს მამაკაცი, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია, რამდენიმე წუთის განმავლობაში სოფლის ცენტრში იდგა, ის იყო შეიარაღებული, არაფხიზელ მდგომარეობაში და შეურაცხყოფას აყენებდა ადგილობრივებს.

კურიერის ინფორმაციითვე, ინციდენტი გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც ეს მამაკაცი ჩაჯდა მანქანაში და გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით. ოკუპანტებმა კვლავ მოსთხოვეს გაჩერება, რასაც მამაკაცი არ დაემორჩილა და ცეცხლი გაუხსნეს. დაახლოებით 200 მეტრში მამაკაცი გაჩერდა, რის შემდეგაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და სავარაუდოდ, იზოლატორში გადაიყვანენ.

იტვირთბა....