ახალი ამბები მთავარი სამართალი

დავით კოდუა, რომელიც ცოლისა და შვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე დააკავეს, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

დავით კოდუას ადვოკატის, მუხრან ღურწკაის განცხადებით, ცოლისა და შვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებული ბიზნესმენი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამის შესახებ კოდუას ადვოკატმა ინტერპრესნიუსს განუცხადა.

კოდუას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ თბილისის საქალაქო სასამართლომ შეუცვალა. ადვოკატის განმარტებით, აღკევთის შეცვლის საფუძველი კოდუას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა გახდა. ღურწკაიას თქმითვე, მათ სასამართლოში ახალი დოკუმენტაცია წარადგინეს, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულს ავსტრიაში ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს და ამასთანავე, კვლევები სჭირდება. ადვოკატის თქმითვე, კოდუას ავსტრიაში ერთი ოპერაცია უკვე გაკეთებული აქვს.

ცნობისთვის, დავით კოდუას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 აპრილს შეუფარდა. პროკურატურამ ბიზნესმენ დავით კოდუას მეუღლის და შვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. კოდუას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) განესაზღვრა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან-სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....