ახალი ამბები ბლოგები კულტურა მთავარი საზოგადოება

არასრულფასოვნების კომპლექსი აღმოსავლურად

ისე მოხდა რომ ახალ სიცოცხლეზე,  უფრო  სწორად  მის  ამ  ქვეყნად მოვლენაზე,  ქალი  აღმოჩნდა პასუხისმგებელი,  რამაც  მისი  თავდაპირველი  სოციალური  აქტივობა,  რა  თქმა  უნდა,  შეანელა  და გარემოსთან  უშუალო  ურთიერთობაშიც მეტ-ნაკლებად  პასიური  გახადა;  ისე  მოხდა  რომ  თავდაპირველი სოციალური  ინიციატივა  კაცმა  ჩაიგდო  ხელში  და  ის  მისი  უფლებაც  და  მოვალეობაც  ერთდროულად გახდა.  გარემოსთან  უშუალო  ურთიერთობაში,  ქალის  პასიურობის  ფონზე,  კაცი  გააქტიურდა,  რაც ძირითადად  საკვების  მოპოვებაში  და  მასთან  დაკავშირებულ  სხვადასხვა  ქმედებებში  გამოიხატებოდა;  ისე მოხდა  რომ  კაცი  “ოჯახის უფროსად”  ჩამოყალიბდა,  თუმცა…  თუმცა  ეს  ყველაფერი  მოხდა  მაშინ,  როცა კაცი  კაცზე  უფრო  მეტად  ხვადი  იყო,  ქალი  კი  ქალზე  უფრო  მეტად  ძუ.

მას  შემდეგ  და  დღემდე,  სიცოცხლის  წინაშე  ქალის  ამგვარ  პასუხისმგებლობაში  ბევრი  არაფერი  შეცვლილა. უფრო  სწორად, სულ  არაფერი  შეცვლილა. ქალი  დღემდე  მშობიარობს,  ქალი  დღემდე აჩენს…  ოღონდ  სულ სხვა  სოციალურ  გარემოში  და  განსხვავებით  შორეული  წარსულისგან, ეს  მის  აქტიურობაზე  მინიმალურ, შეიძლება  ითქვას,  არანაირ  გავლენას  არ  ახდენს.  მიუხედავად  ამისა  ქალების  აბსოლუტური  უმრავლესობა, თუ  არა  ძალიან  დიდი  ნაწილი,  დღემდე  აღიარებს  (და შედეგად ცხოვრებაშიც ნერგავს)  იმას,  რომ  კაცი “უფროსია”  და  სოციალურ  ინიციატივასაც  მას უთმობს. უთმობს ინიციატივას,  რომელიც  კაცს  ერთ  დროს უალტერნატივობამ,    გამოუვალმა მდგომარეობამ  ჩაუგდო ხელში  და  რომელსაც სიამოვნებით ინარჩუნებს. რატომაც არა?!  გამოქვაბულის კაცს თუ მსგავსი ინიციატივა მხრებზე ტვირთად აწვა და  კომპენსაციად ძალაუფლებით მხოლოდ  გამოქვაბულის ფარგლებში სარგებლობა  ერგებოდა,  თანამედროვე  კაცმა ასეთ პრივილიგირებულ  მდგომარეობას გემო  გაცილებით  უფრო  მსხვილ  მასშტაბებში  გაუგო. ამგვარმა, ერთ დროს მხოლოდ  ყოფითი  და  ვიწრო  პროფილის  უპირატესობამ, დროთა  განმავლობაში, მრავალი და სხვადასხვა მიმართულების  განშტოებები შეიძინა. ჩამოყალიბდა დღემდე ბევრგან მოქმედი ერთგვარი “მორალურ-ზნეობრივი კოდექსი”,  რომელიც  მკაცრად  განსაზღვრავდა  კაცის  და  ქალის  როლს  საზოგადოებაში.  კაცის ქალზე  უპირატესობა დაკანონდა.  შეიძლება  ითქვას,  რომ კაცმა  ქალი  დაამარცხა… დაამარცხა  იმ  ბრძოლაში, რომლის  შესახებაც  ქალმა  პრინციპში  არც  იცოდა.

ქალი  უთქმელად, ავტომატურად დათანხმდა მთელ რიგ ისეთ უსამართლობებს, ისეთ  “უსწორმასწორობებს”, რომლებიც ფორმალური ლოგიკის ფარგლებსაც კი სცდება და კაცმაც  ასევე  ავტომატურად  მიიღო  ისინი, მიანიჭა რა თავისთავად  გასაგები და პროტესტს  დაუქვემდებარებელი  სტატუსი.
დასავლურმა  კულტურამ, დროთა  განმავლობაში, ასე  თუ  ისე  და  მეტ-ნაკლებად,  სტატუსქვო  აღადგინა. აღადგინა  ის,  რაც  ადამიანის  მიერ  იმთავითვე  იგნორირებული  და  უგულვებელყოფილი იყო;  რასაც  ვერ ვიტყვით  აღმოსავლეთზე. აღმოსავლეთში კაცმა  “ბრძენი”  ადამიანის  ერთგვარი მანტია  მოისხა  და  ის, განსხვავებით  “სულელი”  ქალისგან,  ყველაფერზე  პასუხისმგებელი  გახდა რაც  კი  მის  ინტერესებში შედიოდა, ყველაფრის  ზედამხედველი  გახდა,  რისი  ზემოდან  ხედვაც  სურდა…  აღმოსავლეთში  კაცმა  ქალს ფაქტობრივად მონობაში  უკრა  თავი!
მე  შემიძლია  გავუგო ქალს, რომლისთვისაც კაცის “გაგულავება”  და  ღალატი  სულაც  არ  არის  სინონიმები, მაგრამ  არ მესმის  ქალის,  რომელიც თავის იგივე საქციელს ამორალურად  მიიჩნევს. არ  მესმის იმდენად, რამდენადაც ასეთი ქალი, მისდაუნებურად, საკუთარ თავს  ისევ  ძუდ  განიხილავს და ასევე მისდაუნებურად აღიარებს ხვადის  იმ  უპირატესობას  და  პრივილეგიებს, რომლებიც  მას  შორეულ  წარსულში აუცილებლობამ მიანიჭა და დღეს  ისეთივე ზედმეტი და უადგილოა, როგორი ზედმეტიც  და  უადგილოც ისტორიას მიბარებული ბევრი სხვა რამ.
მე  შემიძლია გავუგო კაცს, რომელსაც მიაჩნია, რომ ქალმა სახლის  სისუფთავეზე უნდა იზრუნოს, მაგრამ არ მესმის კაცის, რომელიც  ამას  ხმამაღლა  და  ქალის  გასაგონად  აცხადებს. არ  მესმის იმდენად, რამდენადაც ასეთი კაცი, მისდაუნებურად, საკუთარ თავს  ისევ ხვადად განიხილავს და ასევე მისდაუნებურად, ხაზს  უსვამს იმ უპირატესობას და  პრივილეგიებს, რომლებიც მას შორეულ  წარსულში აუცილებლობამ მიანიჭა  და დღეს ისეთივე ზედმეტი და უადგილოა, როგორი ზედმეტიც და უადგილოც ისტორიას მიბარებული ბევრი  სხვა  რამ.
21-ე  საუკუნეში არ  შეიძლება ერთი სქესის წარმომადგენელი მეორის უპირატესობას  ისტორიამდელი  მოტივის საფუძველზე აღიარებდეს და ცნობდეს. სხვა  რომ  არაფერი  სასაცილოა უბრალოდ. იგივე  წარმატებით, თანამედროვე  ქალს, მასზე შიმპანზეს ხვადი წარმომადგენლის უპირატესობის აღიარება  შეუძლია და იგივე წარმატებით თანამედროვე  კაცს  შეუძლია საკუთარი უპირატესობის ძუ შიმპანზესთან მიმართებაში ხაზგასმა.
რაც  შეეხება  მორალურობა-ამორალურობას, ამ ცნებებზე, როგორც ჯერაც ბოლომდე გაურკვეველზე, ლაპარაკი უსასრულოდ შეიძლება. თუმცა, ერთი რამის მოკლედ და ერთმნიშვნელოვნად თქმა აქვე შეგვიძლია, კერძოდ: ის, რაც მორალურია, ერთნაირად მორალურია კაცისთვისაც და ქალისთვისაც, ხოლო ის რაც ამორალურია, ერთნაირად ამორალურია კაცისთვისაც და ქალისთვისაც.

მთელი  ჩვენი  ცხოვრება,  ოდითგანვე,  ერთმანეთს   შორის  უფლებებისა  და  მოვალეობების გადანაწილებაში და  მათ  ფონზე  მიედინება.  წარსულის ადამიანისთვის ეს თუ ერთგვარი  წნეხის ქვეშ ყოფნას (ქალის შემთხვევაში) და წნეხით მანიპულირებას (კაცის შემთხვევაში)  ნიშნავდა, დღეს უფლებებისა და  მოვალეობების გადანაწილება წესით,  მხოლოდ  სასიამოვნო  პროდუქტიულობასთან უნდა  იგივდებოდეს და სხვასთან არაფერთან.
კი  ბატონო, ქალმა დღესაც იცის, რომ, მარტივი ფიზიკიდან გამომდინარე, შეშა  კაცის  დასაჩეხია  და  კაცმაც იცის,  რომ  სარეცხს  “სამაგიეროდ”  ქალი დარეცხავს, ოღონდ დღეს,   ამის  ერთმანეთისთვის აქცენტირებულად შეხსენება, რბილად  რომ  ვთქვათ,  ზედმეტია. თანამედროვე კაცი, რომელიც დღეს ქალს  “მის საქმეს” შეახსენებს,  ყველაზე  ცოტა,  ბრიყვია,  ყველაზე  ბევრი – ტირანი.  თანამედროვე  ქალი, რომელიც  კაცის უპირატესობას, მის  ფორმალურ და არაფორმალურ პრივილეგიებს აღიარებს, ყველაზე ცოტა ბრიყვია, ყველაზე ბევრი – მონა.
თანამედროვე  და  განვითარებული  ქალი  შეშის  დაწყობა-დალაგებასაც მხოლოდ იმიტომ შეეცდება,  რომ თავის კაცს  ასიამოვნოს და განვითარებული კაციც მხოლოდ იმიტომ გაფენს  თოკზე  სარეცხს, რომ მისი ქალი დარჩეს ნასიამოვნები. თანამედროვე  და  განვითარებული  ქალი  და  კაცი  ამას  სულ  სხვა  მოტივით აკეთებენ და  არა  ძუსთვის  და  ხვადისთვის  დამახასიათებელი  სავალდებულო აუცილებლობიდან გამომდინარე. განვითარებული  წყვილის თანაცხოვრების უპირველესი მიზანი  ურთიერთობაში ჰარმონიის დასადგურება უნდა იყოს და არა ერთმანეთზე “გამარჯვების”  მოპოვება. განვითარებულ საზოგადოებაში   სქესის სქესზე უპირატესობის არათუ  გახმოვანება, საგნის ამგვარად შეგრძნებაც  კი  წარსულს  არის  ჩაბარებული.
ჩვენ,  აღმოსავლეთელ  ხალხებს,  კაცის  ქალზე უპირატესობის შეგრძნება და მისი ამა თუ იმ ფორმით გამოხატვა ფაქტობრივად და სამწუხაროდ, ტრადიციის რანგში  გვაქვს აყვანილი,  – ველოლიავებით მას და ვერ(!) ვხვდებით, რომ იგივე წარმატებით დესპოტიზმის ნებისმიერი სხვა  გამოხატულების ტრადიციად ჩათვლაც შეიძლება. ვერ ვხვდებით, რომ ველური  ბუნების აუცილებლობით განპირობებულმა კაცის ქალზე უპირატესობამ თავისი თავი რა  ხანია ამოწურა და მათ შორის ურთიერთობა თვისობრივად  ახალ  და წარსულისგან  განსხვავებულ  ეტაპზე  გადასვლას  ითხოვს.  –  ვერ  ვხვდებით,  რომ  განვითარება  წინსვლაში მდგომარეობს  და  არა  “ტრადიციად”  წოდებული  ერთი  ადგილის  თანამედროვე   მეთოდებით  ტკეპნაში.

ვასო შონია

 

იტვირთბა....