ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ანზორ მელია: არ უნდა დავუშვათ კერძო კლინიკების გაუქმება – ტიკარაძე ჭკვიანი ქალბატონია, ამას არ გააკეთებს

კლინიკა გულის ხელმძღვანელი ანზორ მელია სახელმწიფო კლინიკების გაძლიერებაში პრობლემას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ სახელმწიფო კლინიკები უნდა არსებობდეს, თუმცა, კერძო კლინიკების გაუქმება დაუშვებელია.

სახელმწიფო კლინიკებთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადების კომენტირებისას, ანზორ მელიამ მეტრონომს უთხრა, რომ მინისტრი ჯანდაცვის სფეროში არსებული ყველა გამოწვევისა თუ პრობლემის შესახებ ინფორმირებულია და არარელევანტურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

“ქალბატონ ტიკარაძეზე მე კარგი წარმოდგენა მაქვს, ვერაფერ ცუდს ვერ ვიტყვი. მან ყველა პლუსი და მინუსი იცის ქართული მედიცინის. მე არ მეგულება მინისტრი, რამდენი წლის ექიმი ვარ, ასე დეტალურად ფლობდეს ყველა კლინიკაზე ინფორმაციას. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ხომ ვართ ჩართულები. ამის ფარგლებში, ჩვენთან მოდიან მონიტორინგის წარმომადგენლები და ყოველთვის გვეუბნებიან, რომ ნეტავ, რამდენიმე კლინიკა  მაინც იყოს ისეთი, როგორიც თქვენი კლინიკაა. არ შეიძლება თანამშრომლები დააწვინო ავადმყოფებად და ფული აიღო. აკეთებს ამას ზოგიერთი კლინიკა და თვითონ ჯანდაცვის სამინისტრომ თქვა რამდენჯერმე ამის შესახებ.

მე მხარს ვუჭერ, რომ სახელმწიფო კლინიკები უნდა იყოს აუცილებლად საქართველოში, მაგრამ კერძო კლინიკა რომ არ იყოს, ეს არ შეიძლება იმიტომ, რომ კერძო კლინიკები ორიენტირებული არიან ხარსხზე. თუ ხარისხს გააფუჭებ, პაციენტებს დაკარგავ. არის დღეს საქართველოში ისეთი კლინიკები, რომლებიც მუშაობენ სუფთად და ძალიან პროფესიონალურად. ეს იყო მთავრობის დანაშაული, ამ მთავრობის არა, წინა მთავრობის, რომ კლინიკების პრივატიზაცია გააკეთა. არ შეიძლება, სახელმწიფო კლინიკა უნდა არსებობდეს, მაგრამ არ უნდა დავუშვათ, რომ კერძო კლინიკები გავაუქმოთ. მე მგონი, ქალბატონი ტიკარაძე ამას არ გააკეთებს იმიტომ, რომ ის ჭკვიანი ქალბატონია. მე ამაში დავრწმუნდი რამდენჯერმე – ამას ამბობს ოპოზიციონერის მამა, ხომ ხედავთ”, – აცხადებს მელია.

კლინიკა გულის ხელმძღვანელის თქმით, სახელმწიფო კლინიკა მოქალაქეს ვერასდროს შესთავაზებს იმ ხარისხს, რასაც კერძო კლინიკა, აქედან გამომდინარე, მელია მიიჩნევს, რომ მთავარია, კერძო კლინიკებმა ხარისხი შეინარჩუნონ.

“შეუძლებელია, სახელმწიფო კლინიკაში იყოს ისეთი ხარისხი, როგორიც კერძო კლინიკაში იქნება. უმწეო, გაჭირვებული ხალხი წავა სახელმწიფო კლინიკაში, მაგრამ ვისაც შესაძლებლობა და უფრო მეტი პრეტენზიები აქვს, ის არასდროს დაწვება უმწეოსა და ღარიბი პაციენტის გვეერდით. მდიდარი ყოველთვის მოისურვებს კერძო კლინიკაში წოლას. ეს ასეა მთელ მსოფლიოში და საქართველო გამონაკლისი არ იქნება. მე ამის არ მეშიანია. მთავარია, კერძო კლინიკებმა ხარისხი არ დავწიოთ და ყოველდღიურად ავამაღლოთ”, – უთხრა მეტრონომს ანზორ მელიამ.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სახელმწიფო კლინიკების გაძლიერების სტრატეგიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სახელმწიფო კლინიკები ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და ჯანსაღი კონკურენციის მყარი საფუძველი გახდება.

იტვირთბა....