ქართულ-ამერიკული კლინიკის დამფუძნებელი გიორგი კავკასიძე, სინოფარმით ვაქცინაციის დაშვების გამო, სახელმწიფოს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც აღნიშნულ ჩინურ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს, ქვეყანას სინოფარმით ვაქცინაციის დაწყება არ უნდა ეჩქარა.
როგორც კავკასიძემ ტელეკომპანია ფორმულასთან საუბრისას აღნიშნა, თუ სინოფარმი ავტორიზაციას ვერ მიიღებს, ევროკავშირი ვაქცინაციას არ აღიარებს.
“მე რომ სახელმწიფოს ადგილზე ვიყო, ასე არ ვიჩქარებდი, დაველოდებოდი ჯანმო-ს გადაწყვეტილებას. და რომ არ მისცეს ჯანმო-მ მწვანე შუქი სინოფარმს, მერე რას ვშვებით? იმ ხალხს, რას ვუკეთებთ, რომლებიც აიცრნენ? აქ ორი პრობლემაა. ერთი – არაავტორიზებული ვაქცინით ვაქცინაცია და მეორე, ამ ვაქცინამ ავტორიზაცია თუ არ მიიღო, თუ ხალხი ჩაიტარებს ამ ვაქცინის სრულ კურსს, ამ ვაქცინაციას არც ევროკავშირი მიიღებს, როგორც აცრილს და არც ბევრი სხვა ქვეყანა”, – განაცხადა გიორგი კავკასიძემ.
შეგახსენებთ, რომ სინოფარმი ჩინური ვაქცინაა, რომლისთვისაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ავტორიზაცია ჯერ არ მიუნიჭებია. ამის მიუხედავად, საქართველო აღნიშნული ვაქცინით იმუნიზაციას ხვალ, 4 მაისს იწყებს.