კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის მეწყრულ ფერდზე გადაუდებელი სამუშაოები ჩატარდა და მისი სტაბილიზაციისათვის შესრულებულმა სამუშაოებმა შედეგი გამოიღო.
კალაძის განცხადებით, ამჟამად მეწყრის სრულად შეჩერებისათვის მიმდინარეობს კვლევები.
“ამ კონკრეტულ მეწყრულ ზონაში ჩატარდა გადაუდებელი სამუშაოები ფერდის სტაბილიზაციისთვის, რამაც შედეგი გამოიღო და ეს დაადასტურეს გერმანელმა ექსპერტებმა, მოიხსნა მიწის მასის ნაწილი,რომელიც წყალსადენის მილებს საფრთხეს უქმნიდა, დროებით შეკავდა მეწყრული ფერდი, დამონტაჟდა მონიტორინგის სისტემა. ამჟამად მიმდინარეობს ფერდის გამაგრების პროექტისთვის კვლევითი სამუშაოები, რათა საბოლოოდ მოხდეს მეწყრული პროცესების შეჩერება, მას შემდეგ რაც გატარდება შესაბამისი ღონისძიებები და მიიღწევა სრული სტაბილურობა, რა თქმა უნდა, მაშინვე იქნება აღდგენილი ორმხრივად მოძრაობა,”- განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო მარტის თვეში მეწყრული პროცესები გააქტიურდა.