ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვაშაძე: თუ მელია გირაოს დათანხმდება, სამ დღეში გამოვა, შემოვა პარლამენტში და შეგვიძლია, ამნისტიაზე ერთად ვიმსჯელოთ

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ნიკა მელიამ საპატიმრო დაწესებულება გირაოს საშუალებით რომ დატოვოს, ეს ამნისტიის საკითხს დღის წესრიგიდან ვერ მოხსნის.

როგორც ვაშაძემ ტვ პირველთან საუბრისას თქვა, ამნისტია შეთანხმების ნაწილია.

“გირაო ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ხვალ ისევ არ დავბრუნდებით იგივე მოჯადოებულ წრეზე და იგივე პოლიტპატიმარ მელიას გამო ისევ არ მოუწევთ აშშ-ს და ევროკავშირს მედიაცია. ასე გვითხრეს, ამ საკითხთან დაკავშირებით უკან, თქვენთან დაბრუნება აღარ გვინდა, ამიტომ უნდა დაიხუროს ეს საკითხი… ამნისტია არ არის მელიას პასუხისმგებლობა, ამნისტია არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ვინც ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს… თუ მელია გირაოს დათანხმდება, სამ დღეში გამოვა, შემოვა პარლამენტში და შეგვიძლია, ამნისტიაზე ერთად ვიმსჯელოთ, მაგრამ ამნისტია არის შეთანხმების ნაწილი და თუ ერთ ნაწილს დავარღვევთ ამ შეთანხმებისას, თვითონ შეთანხმება შეიძლება მთლიანად დარღვეულად ჩაგვითვალოს ქართულმა ოცნებამ”, – განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საგანგებო განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

მელია განცხადებაში ოპოზიციას და ქართულ ოცნებას მიმართავს და პარლამენტიდან ამნისტიის კანონპროექტის გაწვევას სთხოვს.

ოპოზიციური პარტიის ლიდერის თქმით, ასეთ შემთხვევაში, ის ევროკავშირის მიერ შეთავაზებული გირაოს სანაცვლოდ, საპატიმროს დატოვებაზე დათანხმდება.

იტვირთბა....