ახალი ამბები მთავარი

“იცით, რამდენ ქვეყანასთან მოგვიწევს უვიზო მიმოსვლის გაუქმება? ერთ მხარეს რომ დგას ევროკავშირთან ინტეგრაცია, მეორე მხარეს დგას ბევრ ქვეყანასთან დეზინტეგრაცია” – პაპუაშვილი ევროკავშირში გაერთიანებაზე

„ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კონტექსტში ამბობს, რომ „გაერთიანების წევრობა ნიშნავს სუვერენიტეტის ნაწილის და ეკონომიკური თავისუფლების დათმობას”.

„რუსთავი 2″-ის ეთერში პაპუაშვლმა თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრების შემთხვევაში „ბევრ ქვეყანასთან მოგვიწევს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, მათ შორის, ჩინეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან”.

ამის ფონზე, პაპუაშვილი ირწმუნება, რომ 2030 წლისთვის „საქართველო ყველაზე მომზადებული ქვეყანა იქნება ევროკავშირის წევრობისთვის”.

„ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიტიური გადაწყვეტილების იმედი როგორ უნდა გვქონდეს, ადამიანი აქ მიტინგებზე დადის, რა ვქნათ, ამას ხომ ჩვენ ვერაფერ ვერ ვუშველით.

ამიტომ, ერთადერთი გამოსავალია, ჩვენ ჩვენი განვითარება გვქონდეს, ჩვენ გავუსწროთ ევროკავშირს ევროპული განვითარების ტემპებით და როცა განვვითარდებით ეკონომიკურად და ინსტიტუციურად ვიქნებით 2030 წელს იმ დონეზე, რომელზეც ვიქნებით, შეიძლება, იქით შეგვეხვეწოს კიდევ ვიღაც, რომ შევიდეთ ამა თუ იმ გაერთიანებაში და შევიზღუდოთ თავი.

იმიტომ, რომ გაერთიანების წევრობა ნიშნავს შეზღუდვასაც, სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას, ეკონომიკური თავისუფლების დათმობას.

ევროკავშირის წევრი დღეს რომ გავხდეთ, იცით რამდენი თავისუფალი ვაჭრობის გაუქმება მოგვიწევს, თუნდაც ჩინეთთან და ბევრ სხვა დსთ-ს წევრ ქვეყანასთან”.

„ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე თქვა: „ევროკავშირში ინტეგრაციით ვიქნებით შენგენის სივრცის ნაწილი და საქართველოში შემოსვლა ნიშნავს, რომ შევლენ შენგენის ტერიტორიაზე და ვისთანაც არ აქვს ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა, საქართველოში იმას ვერ შემოვუშვებთ”. თუმცა, პაპუაშვილს არ უხსენებია, რომ ევრიკავშირის წევრობა ავტომატურად არ გულისხმობს შენგენის ზონის წევრობას.

„იცით, რამდენ ქვეყანასთან მოგვიწევს უვიზო მიმოსვლის გაუქმება? ერთ მხარეს რომ დგას ევროკავშირთან ინტეგრაცია, მეორე მხარეს დგას ბევრ ქვეყანასთან დეზინტეგრაცია”. – თქვა მან.

იტვირთბა....