პარტია ლელო საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საგანგებო განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ოპოზიცია ამნისტიას ვერ გაიწვევს.
როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს უთხრა, მელიას პოზიცია მედიატორმა უნდა განიხილოს.
“ოპოზიცია ვერ გაითხოვს ამნისტიას, ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტი. ჩვენ არ შეგვიძლია შარლ მიშელის დოკუმენტის გათხოვა, ეს არის ბატონი მელიას პოზიცია რომელიც მედიატორმა უნდა განიხილოს. ამნისტიის კანონი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეეხება ჯალათებს, არავის ასეთი განზრახვა არ აქვს. თუ იქნება მცდელობა, რომ ქართული ოცნება დატოვებს კარს ღიად ჯალათების შესაძლო ამნისტირებაზე, ჩვენ ასეთ კანონპროექტს მხარს ვერ დავუჭერთ… ჩვენ მხარს დავუჭერთ ნიკა მელიას ამ წინადადებას, ჩვენი ამოცანაა საბოლოო ჯამში, ორი პოლიტპატიმრის გათავისუფლება, ერთი უნდა გათავისუფლდეს ხვალ, როდესაც ჩვენ შევალთ პარლამენტში და მეორე პოლიტპატიმრის ნება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ის ამბობს, რომ მზად არის, ევროკავშირის გირავნობას დაეთანხმოს, ოღონდ მოითხოვს ამნისტიის შესახებ კანონის ამოღებას და ამას გაიზიარებს მედიატორი, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ”, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საგანგებო განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
მელია განცხადებაში ოპოზიციას და ქართულ ოცნებას მიმართავს და პარლამენტიდან ამნისტიის კანონპროექტის გაწვევას სთხოვს.
ოპოზიციური პარტიის ლიდერის თქმით, ასეთ შემთხვევაში, ის ევროკავშირის მიერ შეთავაზებული გირაოს სანაცვლოდ, საპატიმროს დატოვებაზე დათანხმდება.