პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საგანგებო განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ ოპოზიციური პარტიის ლიდერი ევროკავშირის მიერ შეთავაზებული გირაოთი ისარგებლებს.
სამადაშვილის თქმით, ეს იქნება აღიარება, რომ მელია პოლიტპატიმარია.
“კარგი იქნება, თუ ნიკა მელია ევროკავშირის მიერ შეთავაზებული გირაოთი ისარგებლებს. ეს არის აღიარება, რომ ის პოლიტიკური პატიმარია… გირაოს გადახდას რაც შეეხება, ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდაზე რომ არის თანხმობა ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ ეს ვიცით. თუ ამ შუამდგომლობით შევა პროკურატურა სასამართლოში და ამ გირაოს გადაიხდის ევროკავშირი, შესაბამისად ნიკას მოეცემა შესაძლებლობა რომ საპატიმრო დატოვოს. რაც შეეხება ამნისტიას, ვფიქრობ, რომ გვექნება შესაძლებლობა, რომ ვიმსჯელოთ უფრო საფუძვლიანად, მათ შორის ნიკას მონაწილეობით”, – უთხრა ტელეკომპანია ფორმულას სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საგანგებო განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
მელია განცხადებაში ოპოზიციას და ქართულ ოცნებას მიმართავს და პარლამენტიდან ამნისტიის კანონპროექტის გაწვევას სთხოვს.
ოპოზიციური პარტიის ლიდერის თქმით, ასეთ შემთხვევაში, ის ევროკავშირის მიერ შეთავაზებული გირაოს სანაცვლოდ, საპატიმროს დატოვებაზე დათანხმდება.