ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია: გაითხოვეთ ამნისტია და ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, დავთანხმდე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

მელია განცხადებაში ოპოზიციას და ქართულ ოცნებას მიმართავს და პარლამენტიდან ამნისტიის კანონპროექტის გაწვევას სთხოვს.

ოპოზიციური პარტიის ლიდერის თქმით, ასეთ შემთხვევაში, ის ევროკავშირის მიერ შეთავაზებული გირაოს სანაცვლოდ, საპატიმროს დატოვებაზე დათანხმდება.

“მინდა მივმართო ჩემს მეგობრებს ოპოზიციიდან, ვინც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს.
რუსთავის ციხის 224-ე საკნიდან, მინდა უმორჩილესად გთხოვოთ, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ მონაწილეობა ისტორიის გადაწერის სამარცხვინო მცდელობაში, რასაც 20 ივნისის გავრილოვის ღამის ამნისტია ქვია.

არც მე და არც არავინ არ ღირს იმად, რომ ანტისაოკუპაციო აქციის სამარცხვინოდ დამრბევ დამნაშავე პოლიციელებს და ბრძანების გამცემებს მინიმალური შანსი მაინც მივცეთ, თავი დააღწიონ სამართლიან მართლმსაჯულებას.

სრულიად ცხადია, რომ ქართული ოცნება ამ ამნისტიას გაავრცელებს ყველაზე და ყველაფერზე, და თქვენ რომც არ მისცეთ მას ხმა (რაშიც ეჭვი არ მეპარება), მაინც დისკრედიტებული გამოხვალთ ამ პროცესიდან. დაგაზიანებენ თქვენ, დააზიანებენ ოპოზიციურ ერთობას და დააზიანებენ ქვეყანას. სამწუხაროდ, ქართველი ხალხის თვალში, მნიშვნელოვნად დააზიანებენ მედიატორების და მათ უკან მდგომი ჩვენი მთავარი მეგობრების რეპუტაციას.

კვლავ გავიმეორებ, ახლა თუ რამეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ეს ოპოზიციური ერთობაა. არც ერთ ვითარებაში არ უნდა დავუშვათ მისი რღვევა. არ უნდა დავუშვათ ყველა მხარემ. ამიტომაც, ყველას მინდა ვთხოვო, თავი შევიკავოთ იმგვარი ქმედებებისგან, რომლებიც ამ ერთობას შეუქცევად დაზიანებას მიაყენებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ერთობა არის ჩვენი ერთადერთი უპირატესობა ქართული ოცნების წინააღმდეგ.

ამიტომაც, გთხოვთ თქვენ და მივმართავ დოკუმენტზე ხელმომწერ ქართულ ოცნებას: გაითხოვეთ ამნისტიის საკითხი და მოხსენით იგი დღის წესრიგიდან ერთხელ და სამუდამოდ. თუ შეუძლებელია ამნისტია შეეხოს მხოლოდ ე.წ. გავრილოვის პროტესტანტებს, მაშინ ნუ იარსებებს ამნისტია საერთოდ. გაითხოვეთ ამნისტია, და, ამ შემთხვევაში, მე, ნიკა მელია, ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, დავთანხმდე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დავტოვო საპყრობილე”, – ნათქვამია მელიას განცხადებაში, რომელიც მისი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას ახალი დოკუმენტი შესთავაზა.

დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია, 19 აპრილს, ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

ოპოზიციური პარტიებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა ევროპული საქართველოდან, რომელმაც პარტია უკვე დატოვა, დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ქართული ოცნებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.

იხილეთ დოკუმენტი სრულად აქ.

დოკუმენტის თანახმად, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს აიღებს, მმართველი გუნდი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ვალდებულებას იღებს. დოკუმენტში საუბარია ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზეც.

შეთანხმების შემდეგ, გაირკვა, რომ რურუას შეწყალება 27 აპრილს მოხდება.

რაც შეეხება ნიკა მელიას, მან საპატიმრო დაწესებულება გირაოს ან ამნისტიის აქტით უნდა დატოვოს.

ოცნების  წევრები აცხადებენ, რომ ამნისტიის აქტი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ყველას, მათ შორის, სამართალდამცველებსაც შეეხებათ.

 

იტვირთბა....