თავიდან იყო ერთი ჩვეულებრივი ბიჭი, ჰაძიმე, ჩვეულებრივი იაპონური ოჯახიდან. თუმცა, ყველა სხვა ნაცნობისგან განსხვავებით ის იყო ერთადერთი შვილი, მთელ ოჯახში. მის მიმართ სოციუმის ტიპიურმა კლიშეურმა დამოკიდებულებამ, ბიჭს შესძინა უნარი, სხვა ბავშვებზე მეტი ეფიქრა და ეფიქრა ისეთ თემებზე, რომლებზეც, წესით პატარა ბიჭუნა არ უნდა ფიქრობდეს.
შემდეგ გამოჩნდა ასევე პატარა გოგო, სიმამოტო. ისიც ოჯახში ერთადერთი შვილი იყო და ცალ ფეხზე ცოტას წაუკოჭლებდა კიდეც. ბუნებრივია, ეს ორი ერთმანეთს ძალიან მალე უგებს და მათ შორის რაღაც მისტიური კავშირი ჩნდება, რომელსაც მომავალში წესით საკმაოდ სერიოზული სახე უნდა მიეღო, თუმცა, ჯერ კიდევ პატარაობაში, ბედი ამ კავშირს წყვეტს და ორივეს სხვადასხვა გზას აძლევს.
შემდეგ გადის დრო, ჩნდება სხვა გოგო, ინსტიტუტი, საკუთარი რესტორანი, ცოლი… და უცებ ისევ სიმამოტო – გოგო ღრმა, ღრმა ბავშვობიდან…
ასე შეიძლება აღვწეროთ ჰარუკი მურაკამის რომანი ,,საზღვრიდან სამხრეთით, მზიდან დასავლეთით’’, რაც შეიძლება მოკლედ.
თუმცა, რეალურად, საქმე ცოტათი სხვანაირადაა.
მთავარი პერსონაჟი, როგორც უკვე ზემოთ ვახსენეთ, ჰაძიმეა. ბიჭი, რომელსაც მთელი ცხოვრებაა სიმარტოვეში ყოფნის პერსპექტივა აშინებს, ხოლო ოჯახში ერთადერთი და განუმეორებელი ბავშვის სტატუსი მას კიდევ უფრო ეგოისტს ხდის. რაღაც პერიოდის მერე ის თავისი მშობლიური ქალაქიდან მეგაპოლისში გადადის საცხოვრებლად და მთელ ახალგაზრდობას ფულის ხარჯვაში, დროის ტარებასა და საკუთარ ბედზე წუწუნში ატარებს. უმუშევრობაც დიდად არ აწუხებს, გოგოებიც მხოლოდ ერთი ღამისთვის სჭირდება. ერთხელად ჰაძიმე გადაწყვეტს, რომ ბიზნესმენის შვილი შეუყვარდა, მასზე დაქორწინდება, გოგო შვილებს აჩენს, გოგოს მამა კი ბიზნესის წამოსაწყებად ჰაძიმეს ფულს აძლევს და ჭკუას არიგებს, რა დროს რა გააკეთოს, რათა საქმე მომგებიანი გახდეს. მაგრამ ჰაძიმე მაინც მოწყენილია და ბუნებრივია, არც ახლაა კმაყოფილი თავისი ცხოვრებით. თავში მხოლოდ სიმამოტო უტრიალებს – გოგო, რომელიც ჭეშმარიტად უყვარდა, ახლაც უყვარს და სავარაუდოდ სულ ეყვარება. ყველა გოგოსთან, ვისთანაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ქონია ურთიერთობა, ერთადერთი სიამამოტოა, რომელთანაც თავს კომფორტულად გრძნობდა. ,,მისი მეორე ნახევარი’’.
ჰაძიმე ყველაფერს ფეხებზე იკიდებს, გოგოს ძებნას იწყებს. მთელ რომანში კი სიმამოტოს მისტიურ, ამოუცნობ, შიზოფრენიკ პერსონაჟს ოდნავადაც არ ეხდება ფარდა. გაურკვეველია, საიდან აქვს მას ამდენი ფული. გაურკვეველია, რას აკეთებდა მთელი ეს პერიოდი.
რომანის ბოლოს, მას შემდეგ, რაც ჰაძიმე ცოლს მიატოვებს და გოგოს იპოვის, სიმამოტო მისი ცხოვრებიდან მოულოდნელად ქრება ისევე, როგორც გაჩნდა. ხოლო სულელი, უთვისებო ჰაძიმე ისევ ცოლს და შვილებს უბრუნდება.
მურაკამის სხვა რომანებთან შედარებით, ,,საზღვრიდან სამხრეთით, მზიდან დასავლეთით’’, იმ იდუმალი სიუჟეტური ხაზით გამოირჩევა, რომელსაც მთელი წიგნის განმავლობაში ფარდა საბოლოოდ მაინც არ ეხდება. საკმაოდ ბანალური, მოსაბეზრებელი ისტორია კი მურაკამისეულად, – ლამაზად, სხარტად და დინამიურად არის დაწერილი. პლიუს ამ ყველაფერს წვეთი იდუმალებისა და ხელში საკმაოდ პრიმიტიულ ცხოვრებისეულ სიტუაციაზე აგებული ოდნავ გამაღიზიანებელი, მაგრამ მაინც საკმაოდ ჩამთრევი წიგნი გვრჩება, რომლის წაკითხვის შემდეგაც, სავარაუდოდ კიდევ მოგინდებათ მისი მეორედ გადაკითხვა. მოკლედ, როგორც არაერთხელ აუღნიშნავს ამა თუ იმ კრიტიკოსს, ,,საზღვრიდან სამხრეთით, მზიდან დასავლეთით’’ ,,იაპონური კასაბლანკაა’’ – რომანი ეგზისტენციალურ სიყვარულზე, რომელიც საწინდარშივე კრახისთვის იყო განწირული.
ლაშა მილორავა