პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული შეთანხმების ჩაშლის საფუძველი არ არსებობს.
როგორც ოხანაშვილმა ოპოზიციასთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან აღნიშნა, ქართული ოცნება შეთანხმების ჩაშლის უფლებას არავის მისცემს.
“მოლაპარაკების ჩაშლის არანაირი საფუძველი არ არსებობს. გამოჩნდა, რომ ქართული ოცნება იყო მოწადინებული, შემდგარიყო შეთანხმება. იყვნენ ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც ამ შეთანხმებას ხელს უშლიდნენ. ახლაც იკვეთება ზოგიერთი რადიკალური ოპოზიციური ჯგუფი, რომელსაც სურს აღსრულების ჩაშლა. ამის უფლებას არ მივცემთ. არანაირი საფუძველი არ არსებობს შეთანხმების ჩაშლის”, – განაცხადა ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას ახალი დოკუმენტი შესთავაზა.
დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია, 19 აპრილს, ორბელიანების სასახლეში გაიმართა.
ოპოზიციური პარტიებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა ევროპული საქართველოდან, რომელმაც პარტია უკვე დატოვა, დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.
ქართული ოცნებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.
შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.
იხილეთ დოკუმენტი სრულად აქ.