ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჯაფარიძე: ოცნება იმსჯელებს ჩვენ პოზიციაზე ამნისტიის კანონთან მიმართებაში

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლელო საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს უთხრა, ამნისტიის კანონთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს.

“კონკრეტული შედეგი არ გვქონია შეხვედრაზე, არც იყო მოსალოდნელი. მეორე მხარეს მივაწოდეთ ჩვენი ხედვა და მოსაზრებები, თუ როგორ გვესმის ჩვენ ეს კანონი. ქართულ ოცნებას აქვს თავისი ხედვა. ისინი იმსჯელებენ ჩვენ პოზიციასთან მიმართებაში და გავაგრძელებთ საუბარს”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას ახალი დოკუმენტი შესთავაზა.

დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია, 19 აპრილს, ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

ოპოზიციური პარტიებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა ევროპული საქართველოდან, რომელმაც პარტია უკვე დატოვა, დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ქართული ოცნებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.

იხილეთ დოკუმენტი სრულად აქ.

დოკუმენტის თანახმად, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს აიღებს, მმართველი გუნდი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ვალდებულებას იღებს. დოკუმენტში საუბარია ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზეც.

შეთანხმების შემდეგ, გაირკვა, რომ რურუას შეწყალება 27 აპრილს მოხდება.

რაც შეეხება ნიკა მელიას, მან საპატიმრო დაწესებულება გირაოს ან ამნისტიის აქტით უნდა დატოვოს.

ოცნების  წევრები აცხადებენ, რომ ამნისტიის აქტი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ყველას, მათ შორის, სამართალდამცველებსაც შეეხებათ.

მელია აცხადებს, რომ მისთვის ამნისტია მიუღებელია.

 

 

იტვირთბა....