“თვალისმთხრელ ჯალათებზე ამნისტია ვერ გავრცელდება”, – აღნიშნული განცხადება სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციურ პარტიებთან სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ვაშაძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მმართველ პოლიტიკურ გუნდთან მოლაპარაკება გაიმართება.
“ყველა სხვა საკითხზე გვექნება მოლაპარაკება ქართულ ოცნებასთან. დაზარალებულის თანხმობა, ეს არის პრაქტიკა, რომელიც არის ყველა ამნისტიიც კანმონში. ამაზეც ვიმუშავებთ, რაღა თქმა უნდა. მთავარია, ზედმეტი ემოციების გარეშე, მივხედოთ, რომ შეთანხმება დროულად შესრულდეს”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ამ წუთებში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას ახალი დოკუმენტი შესთავაზა.
დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია, 19 აპრილს, ორბელიანების სასახლეში გაიმართა.
ოპოზიციური პარტიებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა ევროპული საქართველოდან, რომელმაც პარტია უკვე დატოვა, დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.
ქართული ოცნებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.
შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.
იხილეთ დოკუმენტი სრულად აქ.
დოკუმენტის თანახმად, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს აიღებს, მმართველი გუნდი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ვალდებულებას იღებს. დოკუმენტში საუბარია ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზეც.
შეთანხმების შემდეგ, გაირკვა, რომ რურუას შეწყალება 27 აპრილს მოხდება.
რაც შეეხება ნიკა მელიას, მან საპატიმრო დაწესებულება გირაოს ან ამნისტიის აქტით უნდა დატოვოს.
ოცნების წევრები აცხადებენ, რომ ამნისტიის აქტი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ყველას, მათ შორის, სამართალდამცველებსაც შეეხებათ.
რაც შეეხება ევროპარლამენტარების თავდებობას, აღნიშნული თხოვნით ევროპარლამენტარებს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მიმართეს.