ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვაშაძე თალაკვაძეზე: ოცნებამ მოლაპარაკებებში დამარცხებისთვის, მთავარი მომლაპარაკებელი დასაჯა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან არჩილ თალაკვაძის გადადგომას ეხმაურება და აცხადებს, რომ მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ ის დასაჯა.

როგორც ვაშაძემ ტვ პირველს უთხრა, თალაკვაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ მოლაპარაკებებში გაცილებით უფრო კონსტრუქციული იყო, ვიდრე კობახიძე და აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ორიდან ერთი დაესაჯა და ეს ტვირთი საკუთარ თავზე თალაკვაძეს აეღო.

“თალაკვაძის გადადგომა ცალსახად ნიშნავს, რომ ქართული ოცნება თავს თვლის დამარცხებულად ამ მოლაპარაკებებში და საკუთარი ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელი უბრალოდ დასაჯა ამისთვის. ეს არის პასუხი ოპოზიციის იმ მხარდამჭრებისთვის, თუნდაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის, რომლებსაც გულით უნდათ, რომ ეს შეთანხმება საკუთარ მარცხად გააფორმონ. დღვანდელი დღით ცალსახად დადასტურდა, რომ ქართილი ოცნება ფიქრობს, რომ ის დამარცხდა ამ მოლაპარაკებებში… თალაკვაძე ამ პროცესში გაცილებით უფრო იყო  შეთანხმებაზე ორიენტირებული, ვიდრე კობახიძე. ვის მეტი გავლენა ჰქონდა და მეტი ძალაუფლება, ეს მეორე საკითხია. თალაკვაძე ნამდვილად ცდილობდა, შეთანხმება შემდგარიყო და უფრო კონსტრუქციული იყო მისი გზავნილები საჯაროდაც… შესაბამისად, ორიდან ერთი უნდა დასჯილიყო და გადაწყვიტეს, რომ თალაკვაძეს აეღო საკუთარ თავზე ეს ტვირთი”, – აცხადებს ვაშაძე.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.

პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული ოცნება საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავას კანდიდატურას წარადგენს.

 

იტვირთბა....