ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი, ლევან მამალაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს. იგი მიმდინარე პოლიტიკურ პრიცესებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ სასურველია პრეზიდენტმა შეწყალების ფართო აქტი გამოსცეს.
მეტრონომი ლევან მამალაძის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
“საქართველოს პრზიდენტს შეუძლია ისტორიული გადაწყვეტილება მიიღოს, დაასრულოს საქართველოში სამართლიანობის აღდგენის პროცესი!
სასურველია საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების ფართო აქტი გამოსცეს, არ შეიძლება შეწყალება მხოლოდ ერთ კაცზე იყოს მორგებული!
საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის თანახმად შეწყალების შეუზღუდავი უფლება გააჩნია. ევროკავშირის მონაწილეობით შედგენილი პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე პრეზიდენტმა განაცხადა , რომ მშეიწყალებს გიორგი რურუას,მიუხედავდ იმის რომ ის არ არის პოლიტპატიმარი. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მასზე ზეგავლენას შეწყალების საკითხში ვერავინ ვენ მოახდენს. ბოლო ორი წელია შეწყალება მხოლოდ პოლიტიკური გარიგები საფუძველზე ხდება, რაც პრეზიდენტის ინსტიტუტს სერიოზულ ჩრდილს აყენებს. გასაგებია, რომ პრეზიდენტს, არსებული ვითარებიდან გამომდინარე არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება უწევს, მაგრამ ასეთი ზეწოლის შედეგად გაკეთებული შეწყალება საზოგადოებაში ძალიან ცუდად აღიქმება. პოლიტიკურ შეთანხმების შესრულებაზე პრეზიდენტი უარს ვერ იტყვის, მაგარმ მას შეუძლია მარტო რურუაზე კია არ გამოსცეს შეწყალების აქტი, არამედ შეიწყალოს სხვებიც, პირველ რიგში კი ყველა ის პირი რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის მიერ იყვნენ რეპრესირებულნი და მათ მიმართ სამართლიანობა დღემდე არ აღდგენილა. ამ ადამიანების განცხადებები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კარგახანია დევს.
მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს!
შეწყალების აქტი , არამარტო ერთ პირზე გაავრცელოთ, არამედ გაკეთდეს სია სადაც პირველ რიგში შეყვანილი იქნებიან მსჯავრდებულნი რომელთა მიმართ სასამართლო გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2012 წლის 11 ოქტომბრამდე.
ასეთი შეჯერებული გადაწყვეტილება პრეზიდენტის თავისუფლების მაჩვენებელი იქნება, რაც საზოგადოებაში დადებითად იქნება აღქმული, ვიდრე ერთ პირის პოლიტიკური გარიგებით შეწყალება! თქვენ რეალური შესააძლებლობა გაქვთ , დაასრულოთ სამართლიანობის აღდგენის პროცესი საქართველოში!” – წერია მიმართვაში.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას ახალი დოკუმენტი შესთავაზა.
დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია, 19 აპრილს, ორბელიანების სასახლეში გაიმართა.
ოპოზიციური პარტიებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა ევროპული საქართველოდან, რომელმაც პარტია უკვე დატოვა, დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.
ქართული ოცნებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.
შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.
იხილეთ დოკუმენტი სრულად აქ.
დოკუმენტის თანახმად, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს აიღებს, მმართველი გუნდი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ვალდებულებას იღებს. დოკუმენტში საუბარია ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზეც.
შეთანხმების შემდეგ, გაირკვა, რომ რურუას შეწყალება 27 აპრილს მოხდება.
რაც შეეხება ნიკა მელიას, მან საპატიმრო დაწესებულება გირაოს ან ამნისტიის აქტით უნდა დატოვოს.
ოცნების წევრები აცხადებენ, რომ ამნისტიის აქტი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ყველას, მათ შორის, სამართალდამცველებსაც შეეხებათ.
მელია ამნისტიის აქტს ისტორიის გადაწერად აფასებს და ამბობს, რომ 20 ივნისის ამნისტია დაუშვებელია.