ლელო – საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე აცხადებს, რომ ლელო პარლამენტში მას შემდეგ შევა, რაც პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან.
ბუაძის თქმით, შეთანხმებაში არსებული პირობების შესასრულებლად მუშაობა, ხელისუფლების მიერ პოლიტიკური დევნის დასრულებისთანავე დაიწყება.
“რასაკვირველია, პოლიტიკური დევნის მყისიერად დასრულების გარეშე, ეს ყინული ვერ დაიძვრება, ეს შეთანხმება ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება შესრულებულად. ამიტომ აუცილებელია, მოხდეს პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება, რათა მოვახერხოთ და შეთანხმების სხვა პუნქტების შესრულებაზე გავაგრძელოთ მუშაობა. ლელო პარლამენტში შევა პოლიტპატიმრების გათავისუფლების შემდეგ. ჩვენ ველოდებით, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ დევნას მყისიერად დაასრულებს და ამის შემდეგ უკვე გავაგრძელებთ მუშაობას იმ პირობების შესასრულებლად, რომელიც არის ამ შეთანხმებაში”, – აცხადებს საბა ბუაძემ.
შეგახსენებთ, 19 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციის ნაწილმა და მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ოპოზიციური პარტიებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა ევროპული საქართველოდან, რომელმაც პარტია უკვე დატოვა, დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა. ქართული ოცნებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა. შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.