შსს-ს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მომხდარი ლიბერთი ბანკის დაყაჩაღების ფაქტზე ორი პირი -1978 წელს დაბადებული ზაზა ს. და 1974 წელს დაბადებული გელა ტ. დაკავებულია. “გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა თანამზრახველთან ერთად მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე ლიბერთი ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს. შეიარაღებულმა და ნიღბიანმა დამნაშავეებმა ბანკის ოპერატორებს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით სალაროდან 50 000 ლარამდე გასტაცეს. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ორი პირი შემთხვევიდან ორ დღეში დააკავეს, ხოლო მესამე პირის დასაკავებლად ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ბანკის სალაროდან გატაცებული თანხის ნაწილი, ხოლო გელა ტ-ს საცხოვრებელი სახლიდან დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცებად,” – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.