ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნაციონალური მოძრაობის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. როგორც სხდომის დაწყებამდე პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, პარტია იმსჯელებს, უნდა მოაწეროს თუ არა ხელი შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს.

პოლიტსაბჭოს სხდომამდე, ნაციონალური მოძრაობის წევრები – სალომე სამადაშვილი, თინა ბოკუჩავა, აკაკი მინაშვილი და კობა ნაყოფია ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩებს, კარლ ჰარცელსა და კელი დეგნანს შეხვდნენ.

ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა  გუშინ, 18 აპრილს, ევროკავშირის წარმოადგენლობის ოფისში, შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მხარეებს ახალი დოკუმენტი წარუდგინა. იხილეთ დოკუმენტი სრულად აქ.

დოკუმენტის თანახმად, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს აიღებს, მმართველი გუნდი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ვალდებულებას იღებს. დოკუმენტში საუბარია ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზეც.

შეგახსენებთ, მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ პირველ დოკუმენტს, რომელიც კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 31 მარტს შესთავაზა, ხელი მოაწერა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პოლიტპატიმრების საკითხის ბუნდოვანებისა და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული პუნქტის არარსებობის გამო, დოკუმენტს მათი ხელმოწერა არ ექნება.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო, ვიზიტი გაახანგრძლივა. ამის მიუხედავად,  მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დიპლომატმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა.

 

იტვირთბა....