განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატის ალექსანდრე წულაძე ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამიდან რიგი ნაწარმოებების ამოღების გადაწყვეტილებას განმარტავს.
როგორც წულაძემ პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, გამოცდებზე მოხვდება მხოლოდ ის ნაწარმოები, რომელიც სასწავლო პროგრამებში სავალდებულოა, აღნიშნული ნაწარმოებები კი სასწავლო პროგრამაში არასავალდებულოა.
ამასთან, მინისტრობის კანდიდატს აქვს ინიციატივა, რომ ქართული ლიტერატურის საგამოცდო მასალებიდან ამოღებული ნაწარმოებები ახალი საგნობრივი სტანდარტების მიხედვით სავალდებულო გახდეს. თუმცა, მისივე განმარტებით, ეს საკითხი დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის გადასაწყვეტია.
„არ მინდა აუდიტორიას დავპირდე, რომ აუცილებლად შევიტანთ, იქიდან გამომდინარე, რომ რა იყოს სასწავლო ან საგამოცდო პროგრამაში, ექსპერტთა ჯგუფი წყვეტს. ექსპერტთა ჯგუფის მიერ რაიმეს შეთანხმების შემდეგ ამ საკითხების ფართო განხილვა და დისკუსია ხდება. დიდი სურვილი მაქვს და იმედია, შევძლებთ, მაგრამ ამ საკითხის დამოუკიდებელი ექსპერტები წყვეტენ“,- განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.
მისივე თქმით, „სწავლის პროცესში არაფერი შეცვლილა და ყველა ავტორს და ნაწარმოებს ისევე ასწავლიან, როგორც აქამდე“.
„სოციალურ ქსელში თუ მედიაში, სამწუხაროდ, მოვისმინე განცხადება, რომ ამოიღეს, აღარ ასწავლიან. ეს არის ან მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა, ან ცრუ განგაში, რომლის დანერგვაც საზოგადოებაში თავად მოტყუებულმა ადამიანებმა განაპირობეს. ეს არის ცრუ განგაში იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვებს, რომელთაც წელსაც მოუწევთ ეროვნულ გამოცდებზე გასვლა, უკვე ნასწავლი აქვთ ეს ყველაფერი, გავლილი აქვთ.
ყველა საგანზე გვაქვს სავალდებულო და არასავალდებულო ნაწილი და განათლების სამინისტროში უკმაყოფილება იყო, რომ რაც სავალდებულოა, გამოცდებზე იმის მიღმა საკითხები რატომ ხვდებოდათ. ახლა საუბარია 7-8 ნაწარმოებზე, ასეთი არასავალდებულო ლიტერატურა სინამდვილეში გაცილებით მეტი იყო.
მსოფლიოში ასეა, რომ ყველა ნაწარმოებს, რისი სურვილიც გვაქვს, რომ სკოლებში ისწავლებოდეს, სავალდებულოს ვერ გახდი. ეს მეთოდოლოგიური თვალსაზრისით არასწორია. ვერავინ, ვერსად ვერ სწევს იმას, რისი სურვილიც სისტემას, განათლების სამინისტროს ან მასწავლებლებს აქვთ. ამიტომაა, რომ სასწავლო პროცესში [მასალა] იყოფა სავალდებულო და არასავალდებულო ნაწილად. გამოცდებზე მოხვდება მხოლოდ ის ნაწარმოები, რომელიც სავალდებულოდაა სასწავლი.
რაც შეეხება კონკრეტულად ნაწარმოებებს, რომელიც სახელდება მედიაში – რამდენიმე თვის წინ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები შევცვალეთ პირველად ბოლო 20 წლის განმავლობაში და მასში გავაძლიერეთ ეროვნული, პატრიოტული ღირებულებები და ფასეულობები. ამიტომ 2025 წელს დავამტკიცებთ ახალ საგნობრივ სტანდარტებს. ჩემი და ჩვენი გუნდის ინიციატივაა, რომ ახალ საგნობრივ სტანდარტებში, რომელიც ეროვნული მიზნებიდან ამოვა, ის ნაწარმოებები დაემატოს, დაემატოს სავალდებულოდ სასწავლ ნაწილს.
ერთი ის, რომ ვინც წელს აბარებს, ნასწავლი აქვთ; მომავალ წლებშიც, თუ ასეა, რომ არასავალდებულო ნაწილი მოსწავლეებმა არ გაიარონ იმის გამო, რომ გამოცდაზე არ შეხვდებათ, სავალდებულო ნაწილი გახდება და ეს პრობლემაც აღმოიფხვრება“,- განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.
ცნობისთვის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ალექსანდრე წულაძის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვალში ცვლილები შევიდა.
კერძოდ, შემცირებულია ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამაში შესული მასალის მოცულობა და რიგ შემთხვევაში, აბიტურიენტებს გარკვეული მწერლების შემოქმედების ჩაბარების ვალდებულებაც აღარ აქვთ.