ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი: გაუგებარია, რატომ 43% – ბაზარში ვართ, ვვაჭრობთ?

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შარლ მიშელის მიერ ქართული ოცნებისა და ოპოზიციისთვის ახალი დოკუმენტის შეთავაზებას ეხმაურება და აცხადებს, რომ 43% მისთვის მიუღებელია.

როგორც სააკაშვილმა მთავარ არხთან ინტერვიუში განაცხადა, აღნიშნულ პუნქტთან დაკავშირებით მას კითხვები აქვს.

“გაუგებარია, რატომ 43% და რატომ არ არის 50% – თუ ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერაზეა. 43% – რა ბაზარში ვართ, ვვაჭრობთ, ყველს ვყიდულობთ 2 კგ-ს? რატომ 43 და რატომ არა 50? ეს არის ერთი თემა, რომელიც ჩემთვის არის კითხვა”, – აცხადებს სააკაშვილი.

ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა  ევროკავშირის წარმოადგენლობის ოფისში, შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მხარეებს ახალი დოკუმენტი წარუდგინა. იხილეთ დოკუმენტი სრულად აქ.

დოკუმენტის თანახმად, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს აიღებს, მმართველი გუნდი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ვალდებულებას იღებს. დოკუმენტში საუბარია ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზეც.

შეგახსენებთ, მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ პირველ დოკუმენტს, რომელიც კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 31 მარტს შესთავაზა, ხელი მოაწერა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტპატიმრების საკითხის ბუნდოვანებისა და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული პუნქტის არარსებობის გამო, დოკუმენტს მათი ხელმოწერა არ ექნება.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო, ვიზიტი გაახანგრძლივა. ამის მიუხედავად,  მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დიპლომატმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა.

იტვირთბა....