ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აკაკი მინაშვილი: ჩვენ დოკუმენტს ხელს არ ვაწერთ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ იმ სახით, როგორც ახლა არის წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტი, ხელს არ მოაწერენ, რადგან ბევრი სუსტი წერტილია.

მინაშვილის თქმით, მიდგომა რომელიც ვადამდელ არჩევნებს ეხება არასწორია და ასევე ნიკა მელიას გამოშვების საფუძვლად გირაოს გადახდაა მითითებული. ენმ-ის ლიდერის პოზიცია გირაოსთან დაკავშირებით კი ყველამ კარგად იცის.

“ამ ვერსიით, რაც წარმოდგენილია, ჩვენ დოკუმენტს ხელს არ ვაწერთ შემდეგი მიზეზებით: ბუნდოვანია პოლიტიკური პატიმრების გამოშვების თემა. აქ გირაოზეა საუბარი და თქვენ კარგად იცით ნიკა მელიას პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ასევე, საუბარია ამნისტიაზეც საკმაოდ ფართო გაგებით და მოიცავს იმ ადამიანებს, საჯარო მოხელეებს, რომლებმაც ძალის გამოყენებით ზიანი მიაყენეს რუსეთის წინააღმდეგ პროტესტის გამომხატველ ჩვენს მოქალაქეებს. ასეთ ამნისტიაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ. სუსტი წერტილებია თუნდაც ის, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კიდევ 2 წელი რჩება პოზიციაზე. გაურკვეველია როდის ხდება საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება. გენერალური პროკურორი ისევ უნდა დარჩეს, საუბარი არაა ახალ მოსამართლეებზე, რაც ნიშნავს, რომ რეალური ცვლილებები ვერ განხორციელდება.

ის შემოთავაზება, რაც ეხება ვადამდელ არჩევნებს, ესაა არასწორი მიდგომა, რადგან თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნები ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავდება”, – განაცხადა მინაშვილმა.

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა  ევროკავშირის ოფისში, შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მხარეებს ახალი დოკუმენტი წარუდგინა. იხილეთ დოკუმენტი სრულად აქ.

შეგახსენებთ, მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 31 მარტს შესთავაზა, ხელი მოაწერა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტპატიმრების საკითხის ბუნდოვანებისა და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული პუნქტის არარსებობის გამო, დოკუმენტს მათი ხელმოწერა არ ექნება.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო, ვიზიტი გაახანგრძლივა. ამის მიუხედავად,  მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დიპლომატმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა.

 

იტვირთბა....