ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძემ imedinews-თან სატელეფონო საუბრისას განმარტავს, თუ რატომ არ დაესწრნენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრას მმართველი გუნდის წევრები. მდინარაძის თქმით, დღეს იმ დოკუმენტის მოდიფიცირებული ვარიანტი იყო წარმოდგენილი, რომელსაც ქართულმა ოცნებამ ხელი უკვე მოაწერა.
“იცით, რომ ჩვენი ხელმოწერა ევროკავშირის მიერ მოლაპარაკების მაგიდასთან წარმოდგენილ დოკუმენტზე უკვე დაფიქსირებულია, რაზეც სამწუხაროდ ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა. ანუ, დღეს იმ დოკუმენტის მოდიფიცირებული ვარიანტი ვიხილეთ, რომელსაც ქართულმა ოცნებამ უკვე მოაწერა ხელი.
პარტიის თავმჯდომარე არ იმყოფება საქართველოში, პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაშია. შესაბამისად, ამ ეტაპზე შეუძლებელია პოლიტსაბჭოს სხდომის და უმრავლესობის შეკრების სრულფასოვნად ჩატარება. როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება, პოლიტსაბჭო და უმრავლესობა შეიკრიბება და გავახმოვანებთ პარტიის ერთიან პოზიციას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმას, რატომ არ იყვნენ ჩვენი წარმომადგენლები დღევანდელ შეხვედრაზე, ჩვენ ამის შესახებ პარტნიორები წინასწარ ჩავაყენეთ საქმის კურსში და ბუნებრივია მათ ეს იცოდნენ. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ამ შეხვედრაზე არა ქართულ ოცნებასთან, არამედ სალაპარაკო იყო ოპოზიციასთან დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მდინარაძემ.
ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ევროკავშირის ოფისში ოპოზიციასთან, შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მხარეებს ახალი დოკუმენტი წარუდგინა. იხილეთ დოკუმენტი სრულად აქ.
შეხვედრას არ დასწრებია მმართველი გუნდი. ვაშაძის თქმით, ოცნების წევრებმა ევროკავშირის წარმომადგენლობას ესემესით შეატყობინეს, რომ შეხვედრაზე არ მივიდოდნენ.
შეგახსენებთ, მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 31 მარტს შესთავაზა, ხელი მოაწერა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტპატიმრების საკითხის ბუნდოვანებისა და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული პუნქტის არარსებობის გამო, დოკუმენტს მათი ხელმოწერა არ ექნება.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო, ვიზიტი გაახანგრძლივა. ამის მიუხედავად, მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დიპლომატმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა.