ქართული ოცნების დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი მეტრონომთან საუბრისას აცხადებს, რომ ქართულ ოცნება ევროკავშირის წარმომადგენლების ჩართულობით ოპოზიციასთან გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე მიზეზის გამო არ იმყოფებოდა. ზავრადაშვილის თქმით, ამ თემაზე მმართველი გუნდი შეიკრიბება და საკუთარ პოზიციას შეაჯერებს.
“კონკრეტული მიზეზის დასახელება მე არ შემიძლია. დღეს კვირაა და სახლში ვართ. ოფიციალურად ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა არ გვქონია. აქვს ალბათ ამას ობიექტური მიზეზი. ოცნებამ თავისი აზრი უნდა წარადგინოს, უმრავლესობის შეხვედრა უნდა ჩატარდეს და იქ უნდა ჩამოყალიბდეს ყველა ის კონკრეტული წინადადება, ოპოზიციასთან იქნება თუ ნებისმიერ ჩვენ პარტნიორთან ურთიერთობაში, უმრავლესობის შეხვედრა უნდა იყოს. დღეს კვირაა და ჩვენ არ შევკრებილვართ. ასევე ირაკლი კობახიძე არ არის ქალაქში, მამუკა მდინარაძეს და ირაკლი ღარიბაშვილს კოვიდი აქვს. უამრავი ობიექტური მიზეზი არსებობს, რის გამოც შეკრება ვერ მოვახერხეთ. შევხვდებით ერთმანეთს, ჩამოვყალიბდებით. ოცნება შეხვდება ოპოზიციას და სხვებსაც. არცერთი შეხვედრა არ დაანონსებულა, სადაც ოცნება მისასვლელი იყო და არ მისულა”, – აცხადებს დეპუტატი.
ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ევროკავშირის ოფისში ოპოზიციასთან, შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მხარეებს ახალი დოკუმენტი წარუდგინა. იხილეთ დოკუმენტი სრულად აქ.
შეხვედრას არ დასწრებია მმართველი გუნდი. ვაშაძის თქმით, ოცნების წევრებმა ევროკავშირის წარმომადგენლობას ესემესით შეატყობინეს, რომ შეხვედრაზე არ მივიდოდნენ.
შეგახსენებთ, მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 31 მარტს შესთავაზა, ხელი მოაწერა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტპატიმრების საკითხის ბუნდოვანებისა და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული პუნქტის არარსებობის გამო, დოკუმენტს მათი ხელმოწერა არ ექნება.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო, ვიზიტი გაახანგრძლივა. ამის მიუხედავად, მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დიპლომატმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა.