“ზოგადად დოკუმენტი არ მომწონს, არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისიდან გამოიყვანს ქვეყანას. არც წინა დოკუმენტზე მჯეროდა, არც ამაზე მჯერა, თუმცა, აქ კარგი ისაა, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მექანიზმი არის გაწერილი”, – ამის შესახებ გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ევროკავშირის ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ აქვს, ხელს მოაწერს თუ არა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ მომზადებულ ახალ დოკუმენტს. მისივე თქმით, პარტიაში და სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.
“ხელისმოწერას რაც შეეხება, გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული. გვითხრეს, რომ გვექნება დრო, რომ ვიფიქროთ. რასაც ვაპირებ ის არის, რომ წავიდე, პარტიაში და სხვა პარტიებთანაც მქონდეს კონსულტაციები. ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას”, – თქვა ჯაფარიძემ.
მხარეთა შორის შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყო, რომელიც ამ დროისთვის უკვე დასრულებულია. მხარეთა შორის შეხვედრას არ ესწრებოდა ქართული ოცნება.
ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ევროკავშირის ოფისში, შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მხარეებს ახალი დოკუმენტი წარუდგინა. იხილეთ დოკუმენტი სრულად აქ.
შეგახსენებთ, მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 31 მარტს შესთავაზა, ხელი მოაწერა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტპატიმრების საკითხის ბუნდოვანებისა და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული პუნქტის არარსებობის გამო, დოკუმენტს მათი ხელმოწერა არ ექნება.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო, ვიზიტი გაახანგრძლივა. ამის მიუხედავად, მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დიპლომატმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა.