“ხელისუფლებას გაუმართლა, როცა მათ პერიოდს დაემთხვა ვიზალიბერალიზაციის საკითხი”
მოსკოვი მზად არის სავიზო რეჟიმი საქართველოსთან გააუქმოს. 17 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ ამ 7-წამიან განცხადებას მაშინვე მოჰყვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომელმაც სწორ ნაბიჯად შეაფასა კრემლში მიღებული გადაწყვეტილება. ღარიბაშვილს არ გასჭირვებია პუტინის ეს განცხადება „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებულ პრაგმატულ საგარეო პოლიტიკასთან დაეკავშირებინა.
პუტინის განცხადება სავიჟო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით, უკავშირდება თუ არა რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობების დაძაბვას, ან კრემლისგან ეს განცხადება ვიზალიბერალიზაციის საპასუხუდ გადადგმული ნაბიჯი ხომ არ არის?
ამ საკითხზე „მეტრონომი“ ქართველ პოლიტიკოსებს ესაუბრა. თბილისში ქართულმა პოლიტელიტამ განსხვავებულად შეაფასა.
„პუტინმა თქვა სავიზო რეჟიმი გაუქმდებაო და თუ შეუძლიათ გააკეთონ ეს. ჩვენ სანაცვლოდ ვერაფერს ვერ ვიტყვით. ჩვენ რუსეთთან გაუქმებული გვაქვს სავიზო რეჟიმი მისი მოქალაქეები სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით საქართველოში. ასე რომ, თუ რუსეთს სურვილი აქვს, შეუძლია გააუქმოს… ამისთვის მადლობას მე მაგათ ვერ ვეტყვი. თავისთავად თუ სავიზო რეჟიმს გააუქმებენ ცუდი არ არის“. – აცხადებს “მეტრონომთან” „ქართული ოცნების“ წევრი ლევან ბერძენიშვილი.
რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის საკითხს ბერძენიშვილი მთავრობის სამწლიან მუხლჩაუხრელ მუშაობას უკავშირებს და ყველაზე დიდ მიღწევად აფასებს. თურქეთ-რუსეთის დაპირისპირებისა და აქედან საქართველოს შესაძლო სარგებელზე საუბრისას, ბერძენიშვილი ამბობს: „ჩვენ ინტერესებში არ შედის რუსეთ-თურქეთს შორის დაძაბულობა. საქართველოში თუ ვინმე არის „ჭკვიანი“ და ჰგონია, რომ ჩვენ ვისარგებლებთ ამ კონფლიქტით, ეს გონივრული არ არის. არც ეკონომიკურად და არც პოლიტიკურად… ეს კონფლიქტი სარგებელს ვერ მოგვიტანს“.
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე „მეტრონომთან“ საუბარში დადებითად აფასებს სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებას რუსეთთან.
„რუსეთ-საქართველოს შორის თუ სავიზო რეჟიმი გაუქმდება ძალიან კარგი იქნება. ჩვენ ჯერ კიდევ 2011 წელს გავაუქმეთ რუსეთთან სავიჟო რეჟიმი. ეს პირველ რიგში ჩვენი თანამოქალაქეებისთვის არის მნიშნვნელოვანი. ვფიქრობ, კარგია ევროკავშირთან და რუსეთთან უვიზო მიმოსვლა. რაც კი ჩემი ქვეყნის მოქალაქეებს და მათ ეკონომიკურ კეთილდღეობას ხელს შეუწყობს მე მივესალმები“. – ამბობს დოლიძე.
დოლიძის თქმით, ხელისუფლებას ძალიან გაუმართლა, რადგან ამ პერიოდს დაემთხვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაციის საკითხი. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის მტკიცებით, მთავრობა ამ საკითხებს თავის თავზე არ უნდა იწერდეს, მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდში ცდუნება ძალიან დიდია და ყველა ხელისუფალი ამას როგორც წესი სათავისოდ იყენებს.
„ნაციონალურ მოძრაობას“ მკვეთრად ანტირუსულ ქართულ მთავარ ოპოზიციურ ძალას აეჭვებს ღარიბაშვილის ძალიან მალე გამოქვეყნებული განცხადება.
„პირველ რიგში კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ ნებისმიერ წარმატება დასავლეთთან ვიღებთ რუსეთის უკანდახევას. რამდენად შეიძლება ვენდოთ ამ უკანდახევას და პუტინის განცხადებას საკითხავია. მათ თავის ფასი უკვე დადეს. ეს ფასი არის ის, რომ საქართველო უნდა იყოს საერთაშორის ასპარეზზე რუსეთის მხარდამჭერი. ეს ცინიკური განცხადებაა“. -აცხადებთ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი.
პრემიერ-მინისტრის განცხადების კომენტირებისას რატიანმა შემდეგი განაცხადა: „პუტინს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, ღარიბაშვილი უკვე მზად იყო მისალმებოდა ამ განცხადებას. მასში მომსახურე პერსონალის ინსტიქტი საკმაოდ მკვიდრად არის წარმოდგენილი“.
რუსეთის ეს განცხადება საქართველოში რუსეთის მომხრეებს ფაქტია,რომ ძალიან მოსწონთ. მათი რიცხვი ქვეყანაში NDI-ის კვლევებს თუ დავუჯერებთ, 31%-ია. პარლამენტის წევრი ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოში რუსეთს 30%-იანი მხარდაჭერა არ აქვს და გვარწმუნებს, რომ ამ ყველაფერს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვნახავთ.
„2016 წელი თუ გვაჩვენებს, რომ 30% პარლამენტის, ანუ 50 წევრი პარლამენტში იქნება რუსეთის მომხრე. მაშინ ვიტყვი, რომ ჩემი ცხოვრება არ შედგა. მათ 3-4 კაცის შეყვანა თუ შეძლეს პარლამენტში მადლობა თქვან“. – ამბობს ბერძენიშვილი.
მოხვდებიან თუ არა პრორუსული პოლიტიკური ორიენტაციის პარტიები 2016 წლის პარლამენტში დრო გვიჩვენებს, მივიღებთ თუ არა რუსეთსა და შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლებას ამას, იმედია არჩევნების შედეგებზე მალე გავიგებთ.
მარიამ ვარადაშვილი