საქართველოს ბანკზე თავდასხმისთვის დაკავებულ ნიკოლოზ წურწუმიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
დაკავებულს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლს ედავება, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად აყვანას გულისხმობს.
პირველ ეტაპზე, გამოძიება მიმდინარეობდა 236-ე მუხლითაც, რაც იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს. იმის გამო, რომ ნიკოლოზ წურწუმიას ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია, აღნიშნული მუხლი გამოძიებამ მხედველობაში აღარ მიიღო.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, წურწუმიას 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
დაკავებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.
წურწუმიას ადვოკატის, გიორგი ბარდაველიძის განცხადებით, თავდასხმის მოტივი პროტესტის უკიდურესი გამოხატულება იყო.
“გარკვეულ პირთა წრის მხრიდან ხდებოდა რიგი უკანონო მოქმედებების განხორციელება ამ ადამიანისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ, რასთან დაკავშირებითაც, მოვითხოვთ, რა თქმა უნდა, გამოძიების დაწყებას”, – აცხადებს ადვოკატი ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, წურწუმია თბილისში, მეტრო ავლაბრის მიმდებარედ, საქართველოს ბანკში გუშინ, 16 აპრილს, დღის პირველ ნახევარში შეიჭრა. მას მძევლად 7 პირი ჰყავდა აყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის ადგილზე დააკავეს.