19 აპრილს, თბილისში რიყეზე, ოპოზიციური პარტიების შეკრება გაიმართება. ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთმა ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, 19 აპრილს დაგეგმილი შეხვედრა 15 მაისს დაანონსებული აქციისთვის ერთგვარ პრელუდიას წარმოადგენს.
“დღევანდელი შეკრება იყო უფრო 19 აპრილისთვის, 19 აპრილს, 15:00 საათზე დავგეგმეთ რიყეზე შეკრება, ეს იქნება არა დიდი აქცია, არამედ უფრო შტაბის წარმოდგენა, დიდი საერთო შტაბის. ყველა პარტიის წარმომადგენლები იქნებიან. 15 მაისისთვის განცხადებას გავაკეთებთ, რომ რაღაცნაირად ეს ერთგვარი პრელუდია იყოს, რათა ადამიანებს გავაგებინოთ ჩვენი გეგმის შესახებ,“ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
შეგახსენებთ, ლეიბორისტული პარტიის ოფისში დღეს ოპოზიციური სპექტრი შეიკრიბა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, საუბარი 15 მაისს გასამართ აქციასა და ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის ეგიდით შექნილი დოკუმენტის ხელმოწერის საკითხს ეხებოდა.
ოპოზიციონერმა ლიდერებმა აღნიშნეს, რომ პარტიები აღნიშნულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ.