ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც გიორგი რურუას შეწყალებას ხელი არ მოაწერა, აღნიშნული ნაბიჯით, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისის განმუხტვას ხელი არ შეუწყო.
დეკანოიძე ჟურნალისტებთან საუბრისას სალომე ზურაბიშვილის, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების დღევანდელ შეხვედრას გამოეხმაურა და პრეზიდენტზე ზეწოლის შედეგად, რურუას შეწყალების შესაძლებლობაზე ისაუბრა.
“სამწუხაროდ, ჩვენ რამდენადაც ვიცით და გაჟღერდა ეს ინფორმაცია, მან ხელი არ მოაწერა შეწყალებაზე და ამით ხელი არ შეუწყო პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას. მე არ ვიცი, რამდენად შეიძლება, რომ ზეწოლის შედეგად, შეიძლება დაითანხმონ საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ მას ნამდვილად შეუძლია, რომ ამ პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სწორედ გიორგი რურუას შეწყალებით”, – განაცხადა დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დღეს ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელსა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს უმასპინძლა.
უცნობია, რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე.