ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის წარდგენილი დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია მსჯელობს, გაიზიაროს თუ არა მმართველი პოლიტიკური პარტიის პოზიცია და მოაწეროს თუ არა ხელი დოკუმენტს.
უკვე ცნობილია პარტია ევროპელი სოციალისტების პოზიცია. საპარლამენტო ოპოზიცია გამოთქვამს მზადყოფნას, მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს შეუერთდეს.
ევროპელ სოციალისტებს მიაჩნიათ, რომ ქართული ოცნების გადაწყვეტილება და ხელმოწერილ დოკუმენტში შემავალი მუხლების ხელისუფლების მიერ შესრულების პასუხისმგებლობა, საფუძველს უყრის სრულიად ახალ პოლიტიკურ დღის წესრიგს, რაც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის კონსტრუქციულ ურთიერთობას კიდევ უფრო რეალურს გახდის.
„მიგვაჩნია, რომ ქართული ოცნების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი მიმართულია ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური გამოწვევების დაძლევისკენ, რაც ასევე სრულად რეკომენდებული და მხარდაჭერილია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს ევროპელი სოციალისტების პრესსამსახურმა გაავრცელა.
რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციას, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ქართული ოცნების მხრიდან დანიელსონის დოკუმენტის სამ პუნქტზე ხელმოწერას ეხმაურება და აცხადებს, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს მოხდა, საბოლოო დოკუმენტს ხელი არ მოეწერება, თუმცა მზადაა, იმ სამ პუნქტზე მათაც მოაწერონ ხელი.
“იმ სამ პუნქტს ისინი არ ეთანხმებოდნენ: არჩევნებს, მართლმსაჯულებასა და ხელისუფლების დანაწილებას და ახლა კარგია, რომ დაეთანხმნენ, იმ ტექსტით რაც იქ არის. ჩვენ გვექნება ელჩებთან კომუნიკაცია. ყველამ კარგად ვიცით, რომ პოლიტიკური კომუნიკაცია უბრალოდ ფრაზებით ვერ დასრულდება. დანიელსონის შემოთავაზება იყო ამ სამ პუნქტზე ხელმოწერა და დანარჩენ ორზე მოლაპარაკების გაგრძელება. დაველოდებით კომუნიკაციას. ამ სახით, ამ ფორმით ხუთივე პუნქტს დოკუმენტზე არ მოეწერება ხელი. იმ სამ პუნქტზე ჩვენც მზად ვართ, რომ ხელი მოვაწეროთ, თუმცა ეს საბოლოო შეთანხმებას არ ნიშნავს, იმიტომ, რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
რაც შეეხება კიდევ ერთ ოპოზიციურ პარტია გირჩს, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ სასიხარულოა, ქართული ოცნების გადაწყვეტილება დოკუმენტზე ხელის მოწერის შესახებ და მოხარული იქნება, თუ სრულფასოვნად შევლენ პარლამენტში.
“ძალიან გვიხარია. ჩვენი გეგმა იმ შემთხვევაში იყო შემუშავებული, როდესაც შეთანხმება ვერ ხდებოდა. იმედი გვაქვს, რომ ეს შეთანხმება მოხდება და პარლამენტი სრულფასოვანი იქნება. ჩვენი მოთხოვნა იყო პარლამენტი გვქონოდა, იქ შესაძლებელი ყოფილიყო საუბარი. ეს ინიციატივა, რაც ქართულმა ოცნებამ გამოიჩინა, ჩემი აზრით, ძალიან მისასალმებელია. ახლა მთავარია დაზუსტდეს, ბევრი კითხვები არსებობს”, – ამბობს მეგრელიშვილი.
რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ევროპულ საქართველოსა და გირჩი – მეტი თავისუფლებას, ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ დოკუმენტში პოლიტპატიმრების საკითხის ბუნდოვანებისა და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებული პუნქტის არარსებობის გამო, დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ.
შეგახსენებთ, მმართველმა პარტიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლის მიშელის შექმნილ დოკუმენტს ხელი გუშინ, 16 აპრილს მოაწერა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა.
დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა. კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. თუმცა მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.
დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტში 5 საკითხი იყო ნახსენები:
პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება;
ამბიციური საარჩევნო რეფორმა;
კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა;
პარლამენტში ძალაუფლების განაწილება;
მომავალი არჩევნები.