სხალთელმა მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადება გააკეთა, რომლითაც სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების საპატრიარქოს ბავშვთა სახლში არშეშვების მიზეზებს ხსნის. სხალთელი ეპისკოპოსი, თავის ვიდეო მიმართვაში, ამის მთავარ მიზეზად, სახალხო დაცველის ოფისის მხრიდან ერთსქესიანთა ქორწინების ლობირებას ასახელებს. მისივე განმარტებით, ბავშვთა სახლში სახალხო დამცველის წარმომადგენლების არშეშვების გადაწყვეტილება პირადად მიიღო.
„მოსულები იყვნენ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები. ჩემი კურთხევაა, ისინი არ იქნენ იქ შეშვებული. რატომ? იმიტომ არ შეუშვეს, რომ ესენია ხალხი, რომლებიც ოფიციალურად ითხოვენ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. ჩემი პირადი აზრია, მაგ ხალხის, ბავშვთა სახლში კიარა, ნებისმიერ პატიოსან ოჯახში შეშვება არ შეიძლება, წაბილწავენ იქაურობას. აი, ამიტომ.
იმ ბავშვების სული მე მაბარია, იმ ბავშვების ბედზე მე ვარ პასუხისმგებელი ღვთის წინაშე და ვთვლი, რომ იმ დაწესებულების წარმომადგენლების შეშვება ბავშვთა სახლი და ბავშვებთან მიშვება, რომლებიც ითხოვენ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას საქართველოში, ეს არის უმძიმესი დანაშაული და იმ სიწმინდის წაბილწვა, რომელიც იქ ტრიალებს. იქ ორი ეკლესიაა და წირვები ტარდება, თითქმის ყოველდღე. ამდენი ბავშვი იზრდება, უკვე 17 წელია, ისინი ჩემი შვილები არიან და ამ წაბილწულ და გარყვნილ ქალს, იმ ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მივცემ.
მეორეც, ცილისმწამებლებია რიან საშინელი, გამოვიდნენ და თქვეს, სოციუმში არ არიან ის ბავშვებიო. ეს არის აბსოლუტურად უაზრო სისულელე. ნინოწმინდაში ქართული სკოლა არ იყო და ამ ბავშვების, ჩვენი პანსიონატის ბაზაზე დაარსდა ქართული სკოლა, საჯარო სკოლა. ყოველდრე დადიან სკოლაში. ყოველდღე გარეთ გადიან, თამაშობენ, როგორ არ არიან სოციუმში. ექსკურსიებზე დადიან“, – განაცხადა სპეციალურ ვიდეო მიმართვაში, სხლათელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, 15 აპრილს უწყების თანამშრომლები მონიტორინგის განსახორციელებლად, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს. მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა. ლომჯარიას უწყების ინფორმაციით, მეუფე სპირიდონი პანსიონში სოციალური მუშაკების ვიზიტის წინააღმდეგია.