ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თურნავა: დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან სოლიდური კვლევითი დოკუმენტებია შექმნილი ნამოხვანზე

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ნამოხვანჰესის მშენებლობით დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენელებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით შეიქმნება ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც დაინტერესებული მხარეების ჩართულობას გაზრდის მოლაპარაკების პროცესში.

თურნავას განცხადებით, მაქსიმუმ ივნისამდე საბჭო მოისმენს და გაითვალისწინებს ყველა საფუძვლიან რეკომენდაციას ჩართული მხარეებიდან.

“ყველამ ერთად კიდევ ერთხელ უნდა ჩავხედოთ კვლევებს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან სოლიდური დოკუმენტებია შექმნილი ამის შესახებ. ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიები იყვნენ ამაში ჩართულები. თუმცა ყოველთვის შეიძლება მეტის გაგება. ამიტომ ამ პროცესს ჩვენ დღეს ვაგრძელებთ. კარგად რომ იყოს ორგანიზებული ეს პროცესი, ჩვენ ავიღეთ თვენახევარი, სადღაც ივნისამდე, რაც ყველა დაინტერესებული მხარიდან რეკომენდაციების მიღებას გულისხმობს. ეს ყველაფერი საბოლოო პროექტში აისახება. ამისთვის შეიქმნება ექსპერტთა საბჭო, სადაც ნებისმიერი დაინტერესებული მხარე ჩაერთვება. ამ საბჭოს ფუნქცია იქნება პროცესის კოორდინაცია და საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა”,- განაცხადა ნათია თურნავა.

შეგახსენებთ, გუშინ მთავრობის წარმომადგენლები რიონის ხეების მცველებთან მოსალაპარაკებლად ჩავიდნენ.

ნამოხვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი რიონის ხეობაში 170 დღეზე მეტია გრძელდება. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას ითხოვენ.

ხელისუფლება კი თვლის, რომ ჰესის აშენება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ერთ-ერთი გარანტია.

რამდენიმე დღის წინ პოლიციამ ხეობის გზა გადაკეტა და მოძრაობა შეზღუდა. აქციის მონაწილეები, ბოლო დღეებია სოფელ გუმათთან გამოთქვამენ პროტესტს.

იტვირთბა....