კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას გათავისუფლება არ იგეგმება.
“რობერტ სტურუასთან დაკავშირებით პირდაპირ გეტყვით, როგორც კულტურის მინისტრი, რომ მისი გათავისუფლება არ იგეგმება. ასევე გაცხადდა, რომ მისი განაწყვეტილება, რომ ის არ აპირებს წასვლას. ეს არის ის ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ბადალი თუ ჰყავს. კარგი იქნება თუ შევწყვეტთ მასზე თავდასხმებს”, – აღნიშნა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, მსახიობი ნინუცა მაყაშვილი საგამოძიებო უწყებაში მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაიბარეს, რომელიც ყოფილ მეუღლეს, მსახიობ ბესო ზანგურს შეეხებოდა. მაყაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში ფარული კონვერტი განაცხადა, რომ მას ყოფილი მეუღლე ფიზიკურად უსწორდებოდა, თუმცა, ამის შესახებ წლების განმავლობაში დუმდა. აღნიშნულ ფაქტს ბესო ზანგური უარყოფს.
მსახიობ ბესო ზანგურს სოლიდარობა რეჟისორმა რობერტ სტურუამ გამოუცხადა, რამაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. მოგვიანებით, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თეატრიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ გააგდებენ.