ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე პარტნიორებთან კრიზისის დაძლევის გზებზე ისაუბრა. მისი თქმით, პარტნიორებისგან მიიღო მინიშნებები, რომ ქართული ოცნებისგან, როგორც მმართველი პარტიისგან, არსებობს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის მოლოდინი.
„დიდ დროს ვუთმობთ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბარს, როგორ წარიმართება დიალოგის პროცესი, როგორ ვხედავთ ჩვენ ამ პროცესის განვითარებას და ვისმენთ საინტერესო მოსაზრებებს და რჩევებს პარტნიორებისგან. ჩვენ გვესმის მინიშნება, რომ ქართული ოცნება არის მმართველი პარტია და სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ საკითხები გადაიჭრას. ჩვენ ვაფიქსირებთ მზადყოფნას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები კომპრომისის მიმართულებით, რაც არაერთხელ დავადასტურეთ”, – აღნიშნა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე აშშ-ში საქმიანი ვიზიტით 12 აპრილს გაემგზავრა. 14 აპრილს ამერიკის ხმის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კვლავ იმედგაცრუებულია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეუთანხმებლობის გამო, რაზეც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობა, მათი თქმით, ხელისუფლებას აკისრია.