„ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია“-ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ -მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებას.
ღარიბაშვილი ფეიბუქის საკუთარ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს.
„გავეცანით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთთან სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების თაობაზე. ვფიქრობთ, რომ ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.
მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2011 წელს გააუქმა სავიზო მოთხოვნა რუსეთის მოქალაქეებისათვის. მიმდინარე წელს ჩვენ კიდევ უფრო გავახანგრძლივეთ საქართველოში მათი შესაძლო ყოფნის პერიოდი, რადგან დაინტერესებული ვართ, რომ საქართველოს მეტი ტურისტი ეწვიოს რუსეთიდან და შეძლებისდაგვარად გამარტივდეს ადამიანებს შორის კონტაქტები.
გასათვალისწინებელია რუსეთში მცხოვრები ჩვენი მრავალრიცხოვანი თანამემამულეების, ასევე ქართველი ბიზნესმენების და რიგითი მოქალაქეების ინტერესი სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით. მათი სურვილია, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა მინიმალური სირთულეებით ხორციელდებოდეს“ .- ნათქვამია ღარობაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრი რუსეთთან შესაძლო უვიზო მიმოსვლასა და ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის საკითხს მთავრობის გააზრებულ პოლიტიკას უკავშირებს.
„ჩვენი ხელისუფლების გააზრებულ საგარეო პოლიტიკას სერიოზული ხელშესახები შედეგები მოაქვს. სწორედ ასე აღიქვამენ ამას როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე დასავლელი პარტნიორები“.