ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუხაშვილი მელიას პატიმრობაზე: ხელისუფლება თავისი ჭკუით მიიჩნევს, რომ ეს არის ნაკლები უბედურება

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებით, ქართული ოცნების ხელისუფლებამ ორ უბედურებას შორის არჩევანი, მათივე შეფასებით, ნაკლებ უბედურებაზე გააკეთა.

როგორც მეტრონომს ხუხაშვილმა განუცხადა, ხელისუფლება ჩიხშია.

“ხელისუფლებას არ აქვს კარგი სვლა. ის არის ერთგვარად ჩიხში – გამოუშვას მელია და ამით მოაწყოს სისუსტის დემონსტრირება. ეშინია, შინაგანი სისუსტის გამოჩენის და ეშინია, რომ მერე არ დაემხოს თავზე ყველაფერი. არ გამოუშვას – ხვდება, რომ ესეც პრობლემურია. ორ უბედურებას შორის აქვს არჩევანი და თავისი ჭკუით მიიჩნევს, რომ ეს არის ნაკლები უბედურება”, – აცხადებს ხუხაშვილი.

მისივე თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლებამ ნიკა მელიას საკითხი პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესში სავაჭრო თემად დატოვა.

“მოლაპარაკება გადაჭარბებული ეპითეტია იმ პროცესისა, რაც მიმდინარეობს. ეს უბრალოდ კატა-თაგვობანას თამაშს ჰგავს. ორი მონოლოგი დევს მაგიდასთან და დიალოგში ვერა და ვერ გადადის. ხელისუფლებამ გადაწყვეტა, რომ მელიას საკითხი დატოვოს სავაჭრო თემად. სამწუხაროა, იმიტომ, რომ არ შეიძლება ადამიანის ბედი იყოს სავაჭრო. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ სისტემურ მანკიერებას, რომელიც დამახასიათბელია არა მხოლოდ ამ ხელისუფლებისთვის, წინასთვისაც და შეიძლება ითქვას, რომ იმის წინასთვისაც. ადამიანის ბედით შეუძლიათ ითამაშონ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. ჩვენ ვართ ჩიხში დიდი ხანია და ამ ჩიხიდან ვერ გამოვდივართ, გამოსასვლელ გზას ვერ ვაგნებთ”, – უთხრა მეტრონომს გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა ნაციონალური მოძრაობის ოფისში, საკუთარ კაბინეტში დააკავა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.

იტვირთბა....