ლეგალურ დასქმებასთან დაკავშირებით საფრანგეთთან ხელშეკურლება გაფორმებულია და შეაბამისი კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს, ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსმა გიორგი ბუნტურმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.
ბუნტურმა აღნიშნა, რომ დასაქმება 50-მდე სფეროში იქნება შესაძლებელი, რაშიც ბარმენები, სასტუმრო და სამშენებლო საქმეც შედის.
„საფრანგეთთან ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს, რომელიც ძალაშია უკვე შესული და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფრანგულ მხარესთან შესაბამისი კონსულტაციები, რომ განხორციელების ეტაპზე გადავიდეთ. შევიმუშაოთ შესაბამისი სქემა, რომლის ფარგლებშიც ჩვენს მოქალაქეებს უკვე ასევე ლეგალურად შეეძლებათ საფრანგეთში დროებით დასაქმება. კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, წლის ბოლომდე საფრანგეთის მიმართულებაც ამოქმედდება. თუმცა, აქვე ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ფრანგულ მხარეზე ბევრად მეტი რამ არის დამოკიდებული, რამდენად სწრაფად დაასრულებენ ვალდებულებებს, რათა მივიდეთ სასურველ წერტილამდე, რასაც საფრანგეთში ლეგალურად დასაქმება ჰქვია. 50 პროფესიაა განსაზღვრული, რა პროფესიის ადამიანებსაც შეეძლებათ უკვე საფრანგეთში დასაქმება. აქ უკვე უფრო კვალიფიციურ სპეციალისტებზეა გათვლა. მაგალითად, მოთხოვნილი პროფესიებია მომსახურების სფერო, ბარმენები, სასტუმროს სერვისი, ასევე სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები, მზარეულები და ა.შ, როგორც პროფესიული, ასევე უმაღლესი განათლების კუთხით სხვადასხვა პროფესიის ადამიანები“, – განაცხადა ბუნტურმა
შეგახსნებეთ, გერმანიაში ლეგალური დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია თებერვლის თვიდან მიმდინარეობს. ხვალ კი პირველი 20 კაციანი ჯგუფი გაემგზავრება.
ასევე, ლეგალური დასაქმება შესაძლებელია ისრაელშიც. რეგისტრაცია სპეციალურ პორტალზე უკვე დაიწყო.