გერმანიაში დასაქმების მიზნით რეგისტრირებულთა პირველი ჯგუფი ხვალ გაემგზავრება. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსმა, გიორგი ბუნტურმა საქართველოს პირველ არხთან ისაუბრა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე 20 ადამიანი ჩავა, დანარჩენი ნაწილი კი ეტაპობრივად გაემგზავრება.
გიორგი ბუნტური აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დასაქმების პორტალზე 98 000 ადამიანი რეგისტრირებული, რეალურ წამსვლელთა რიცხვი ბევრად ნაკლებია.
„საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს შერჩევისა და გასაუბრების პროცესი და უკვე გერმანიაში გარკვეული რაოდენობის ადამიანების სიაც გაგზავნილია; ნაწილზე შესაბამისი სამუშაო ნებართვებიც მიღებულია და პირველი ნაკადი გერმანიაში ხვალ გაემგზავრება სამუშაოდ. საუბარია 20 ადამიანზე, რომელიც კონკრეტულ ვაკანსიაზე დასაქმდება. ყველა მათგანი ერთ დამსაქმებელთან მოთხოვნილ ვაკანსიაზე იმუშავებს. ბუნებრივია, ეს იქნება სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამუშაო. პარალელურად, სხვა ვაკანსიებთან მიმართებით, ეს პროცესი გაგრძელდება და უწყვეტ რეჟიმში წავლენ ჩვენი მოქალაქეები. კი ჟღერს ეს რიცხვი – 98 000 საკმაოდ ხმამაღლა, მაგრამ რეალურად, დასაქმების მსურველი ბევრად ნაკლებია. ეს გვაჩვენა პრაქტიკამ გასაუბრებების ეტაპზე“, – განაცხადა გიორგი ბუნტურმა.
შეგახსენებთ, გერმანიაში დასაქმების მსურველებს რეგისტრაციის გავლა 15 თებერვლიდან შეუძლიათ. რეგისტრაცია სპეციალურ პორტალზეა ხელმისაწვდომი და საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, თუ შესაბამის პირობებს დააკმაყოფილებს.