ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიქანაძის თქმით, კობახიძე ბრიუსელში შარლ მიშელის გარდა, სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებს შეხვდება

ქართული ოცნების დეპუტატი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატებიდან ვიზიტად ბრიუსელს ეწვევა.

როგორც მიქანაძემ პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა, კობახიძე შეხვედრებს ბრიუსელში მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან გამართავს.

“მე არ ვიცი იქ ვისთან არის დაგეგმილი იმიტომ, რომ ეს საკითხები პროტოკოლურად არის მოგვარებული, მაგრამ პირველ პირებთან არის, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. შარლ მიშელის გარდა, იქ სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან იქნება შეხვედრები, რაც კიდევ ერთხელ მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი პოზიციები წარმოვაჩინოთ იმ დოკუმენტთან მიმართებით, რომლის თაობაზეც, დარწმუნებული ვართ, რომ ბატონმა დანიელსონმა აბსოლუტურად სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია ჩაიტანა, ის პოზიციები კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ, რაზეც მმართველი გუნდი ძალიან მნიშვნელოვან კომპრომისებზე წავიდა არა იმიტომ, რომ მაინც და მაინც ოპოზიციური პარტიები გვინდა ვიხილოთ პარლამენტში, არამედ იმიტომ, რომ ეს ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი”, – განაცხადა მიქანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტად 12 აპრილს გაემგზავრა.

მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე შეხვედრებს კონგრესმენებთან, სენატორებთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლებსა და ამერიკული Think Tank-ების ხელმძღვანებელთან გამართავს.

იტვირთბა....